კონფერენცია „CK12-ის ქართული საგანმანათლებლო რესურსები ინკლუზიური და ხარისხიანი განათლებისათვის“

Feature Image

11 დეკემბერს  CK-12-ის ქართული ციფრული რესურსების პოპულარიზაციისა და  მათი სწავლა-სწავლების პროცესში დანერგვის მიზნით, კონფერენცია „CK-12-ის  ქართული საგანმანათლებლო რესურსები ინკლუზიური და ხარისხიანი განათლებისათვის“  გაიმართა.

 კონფერენცია ორგანიზებულია განათლების კოალიციის,  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და  გაეროს ბავშვთა ფონდის  მიერ,  CK12-ის საერთაშორისო პლატფორმასთან თანამშრომლობით.  ინიციატივის მხარდამჭერები  არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს STEM მასწავლებელთა ასოციაცია.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ STEM (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, მათემატიკა) საგნების 200-ზე მეტი მასწავლებელი მთელი საქართველოდან. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა, განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ ირინა ხანთაძემ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ და CK-12-ის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ნეერუ ხოსლამ, ხოლო ქართული CK-12 პლატფორმის რესურსების ავტორებმა და კონსულტანტ-მასწავლებლებმა მონაწილეებს საკუთარ გამოცდილება გაუზიარეს CK-12-ის ელექტრონული სახელმძღვანელოების საგაკვეთილო პროცესში დანერგვის თაობაზე.

კონფერენციაზე CK-12-ის რესურსების განვითარებისა და პოპულარიზების მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა განათლების კოალიციასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის. ასევე, განათლების კოალიციასა და ა(ა)იპ „სტემ მასწავლებელთა ასოციაციასა“  შორის.

კოვიდ-19-ის პანდემიამ საქართველოს საგანმანათლებლო სექტორი ისეთი გამოწვევების წინაშე დააყენა, როგორიცაა გაკვეთილების დისტანციურად ჩატარება და მაღალი ხარისხის ციფრული რესურსების ნაკლებობა. ამ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით დაიწყო გაეროს ბავშვთა ფონდის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, CK-12-ის ფონდისა და საქართველოს განათლების კოალიციის ერთობლივი პროექტი, რომელიც CK-12-ის  ციფრული საგანმანათლებლო რესურსების თარგმნას და ადაპტირებას ისახავდა მიზნად.

შეიქმნა ქართულენოვანი ვებგვერდი www.ck12.edu.ge, რომელიც უზრუნველყოფს STEM საგნების ადაპტირებულ ციფრულ წიგნებზე წვდომას დაწყებითი და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის. პროეტში ჩაერთო ქვეყნის მასშტაბით 200-ზე მეტი მასწავლებელი, რომლებიც წარმატებით იყენებენ ამ რესურსებს. პროექტი ასევე ითვალისწინებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის იუნისეფთან და განათლების კოალიციასთან თანამშრომლობით ონლაინ პორტალის შემუშავებას და ციფრული პროგრამებისა და რესურსების კონსოლიდირებასა და პოპულარიზებას, რაც ეროვნული საგანმანათლებლო პოლიტიკითაა გათვალისწინებული.

საერთაშორისო საგანმანათლებლო პლტფორმა CK-12 შესახებ

საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12 2007 წელს დაარსდა. პლატფორმის მიზანია მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის უფასო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, რომლებიც  საშუალებას აძლევთ ისწავლონ ინდივიდუალური შესაძლებლობების ფარგლებში. CK-12-ის პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ელექტრონული წიგნები, ადაპტირებადი პრაქტიკული სავარჯიშოები და სამეცნიერო სიმულაციები, შექმნილია 260 000-ზე მეტი ე.წ. „ფლექს ბუქი“.  დღემდე, CK-12-ის რესურსებით  მსოფლიოს მასშტაბით 137 მილიონზე მეტმა მოსწავლემ და მასწავლებელმა ისარგებლა, ხოლო პანდემიის პერიოდში ვებგვერდით სარგებლობა 480 პროცენტით გაიზარდა.