ბლოგი
27 მარტი 2018

მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2018 – ლადო აფხაზავას ჩანაწერები „დუბაი – საოცრებათა ქალაქი“

დღე პირველი

რამდენიმე თვე ველოდი, როდის დადგებოდა მარტი და განათლების გლობალური ფორუმის ორგანიზატორებისგან მივიღებდი მოწვევას. და აი, როგორც იქნა, ჩემს ელექტრონულ ფოსტაზეც მოვიდა წერილი – გვეპატიჟებოდნენ საქართველოს წარმომადგენლებს და ჩვენც წავედით – „კოალიცია განათლება ყველასათვის“ დამფუძნებელი, ქალბატონი ირინა ხანთაძე და თქვენი მონა მორჩილი.

სრულ ბურუსში გახვეულებმა ვერც კი შევნიშნეთ, თუ როგორ მივუახლოვდით ქალაქ დუბაის და ქვევით დაშვება დავიწყეთ. გზა სასტუმროსკენ არასდროს დამავიწყდება. ცათამბრჯენებს თვალს ვერ ვაწვდენდი (ლანჩხუთში ცხრასართულიანი სახლებიც არ არის და წარმოიდგინეთ ჩემი რეაქცია ამხელა შენობების დანახვისას). სასტუმროში დაბინავების შემდეგ გადავხედეთ მეორე დღის განრიგს და გათენებას დაველოდეთ. დილის 6 საათზე უკვე განათლების გლობალური ფორუმის დარბაზში ვიყავით.

ნამდვილად არ ვარ განებივრებული მსგავს ადგილებში თუნდაც ერთი საათით ყოფნით და აქ ორი ჯადოსნული დღე უნდა გამეტარებინა. რატომღაც არ მეგონა, ეს ყველაფერი ცხადში თუ ხდებოდა. ასეთ დროს დაძაბული ვარ და ვცდილობ, არაფერი შემეშალოს. თუმცა, ახლა თანამგზავრის იმედად ძალიან თავისუფლად ვგრძნობდი თავს.

ფორუმიც დაიწყო და სავსე დარბაზს გადავხედე. „ აი, ქალაქი, რომელმაც დროს გაუსწრო და ადამიანები, რომლებიც თავიანთმა საქმეებმა და დრომ გამოარჩია“, – გამიელვა გონებაში.

დარბაზში ისხდნენ სხვადასხვა ეროვნების მასწავლებლები, მათგან ბევრი ნაციონალურ სამოსში იყო გამოწყობილი. მეც არ დავაყოვნე და ყველასთვის ნაცნობი გურული ყაბალახი მოვიხვიე.

ფორუმიც დაიწყო. წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემა იყო – როგორ ვამზადებთ ბავშვებს მომავალი სამყაროსთვის ტექნოლოგიების განვითარების პირობებში და როგორ ვიყენებთ ტექნოლოგიებს, რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდებიან ჩვენი მოსწავლეები და როგორ ვამზადებთ მათ მომავალისთვის.
საინტერესო პრეზენტაციები და ტურები ერთმანეთს ენაცვლებოდა, ვუსმენდით ადამიანებს, რომლებმაც რევოლუციური ცვლილებები მოახდინეს და საზოგადოება გააოცეს თავიანთი შრომითა და გამოცდილებით.

ფორუმზე ყველაზე ამაღელვებელი იმ სამი მოსწავლის გამოსვლა იყო, რომლებმაც ამერიკაში ახალ მოძრაობას „სიცოცხლის მარშს“ ჩაუყარეს საფუძველი. ამ ბავშვებმა თავად გამოსცადეს ფლორიდაში თავდასხმა სკოლაზე და სასწაულებრივად გადარჩნენ. მათმა ხმამ ვაშინგტონამდეც მიაღწია და თითქოს მათთვის მიუღწეველი აღარაფერია, ამ ბავშვებს ფორუმის პირველ დღეს მსოფლიოს მასწავლებლები ფეხზე წამოუდგნენ. დარბაზში ტაშის გრიალი დიდხანს არ გაჩერებულა.

„ჩვენ ვაიძულებთ ხელისუფლებას შეცვალოს იარაღის კანონი და გაამკაცროს იგი“ – აცხადებენ მტკიცედ და შეუპოვრად. რთულია, მათ ფეხზე არ წამოუდგე და მხარდაჭერა არ გამოუცხადო მათ მოთხოვნებს.

პირველი დღის დასასრულს ზღვის პირას მიგვიწვიეს ფორუმის მონაწილეები და ეგზოტიკური კერძებითა და სასმელებით გაგვიმასპინძდნენ.
გულში მიხაროდა, რომ ჩვენი პატარა საქართველო მსოფლიოს ნაწილი იყო ამ დღეს, ჩვენც იქ ვიყავით და მომავალში სხვა ქართველი მასწავლებლები აუცილებლად იქნებიან აქ. რატომღაც, უცბად მომინდა ჩემს მეათეკლასელებს დაენახათ ეს საოცარი მრავალფეროვნება.

გლობალური ჯილდოს ცერემონია

დღე მეორე

დარბაზში გაგვაფრთხილეს, რომ რამდენიმე წუთში აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ალ გორი გვესტუმრებოდა. ისიც შემოგვიერთდა და კლიმატის კრიზისზე დაიწყო საუბარი. მისი დაუვიწყარი პრეზენტაცია საოცარი კადრებითა და ვიდეორგოლებით იყო გაფორმებული, დამაფიქრებელი მოწოდებებითა და სიტყვებით სავსე. ალ გორმა მოუწოდა ქვეყნებს ალტერნატიული ენერგიის წყაროებზე გადასასვლისა და განათლების სისტემის ცვლილებებისკენ.

დაჯილდოების ცერომონიამდე სხვადასხვა პავილიონში ვესწრებოდით მრავალფეროვანი თემატიკის მინიკონფერენციებსა და შეხვედრებს. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ათი ფინალისტის ერთმანეთზე უკეთესი მასტერკლასები. ჩემდა საბედნიეროდ, ყველას დავესწარი. მთავარი სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში კი ამ დროს დიდი ალიაქოთი იყო ატეხილი, რადგან იქ დეკორაციები და კონსტრუქციები საოცარი სისწრაფით იცვლებოდა. ცერემონია 6 საათის ნაცვლად 7 საათზე დაიწყო. ადამიანებისთვის ყველაზე საინტერესო იყო ის, თუ ვინ გახდებოდა ათი ფინალისტიდან გამარჯვებული და რომელი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებდა 1 000 000 დოლარს. ჩემი რჩეული აფრიკელი ისტორიის მასწავლებელი ქალბატონი გახლდათ, თუმცა მოვლენები სხვანაირად განვითარდა.

ღონისძიებას უამრავი ცნობილი ადამიანი დაესწრო, მათ შორის, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, იყვნენ აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ალ გორი, ასევე საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, ოსკაროსანი მსახიობი ჯენიფერ ჰადსონი, ოთხგზის ოლიმპიური და ექვსგზის მსოფლო ჩემპიონი სირბილში მო ფარაჰი, ავსტრალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯულია ჯილარდი, ბოლივუდის ვარსკვლავი პრიანკა ჩოპრა და სხვ.

წელს გამარჯვებული 7000 მოსწავლისგან შემდგარმა კოჰორტამ გვამცნო სპეციალურად დამზადებული ვიდეოს მეშვეობით. მაშ ასე, მინდა გაგაცნოთ იგი – ანდრია ზაფიროკუ, ბრიტანელი პედაგოგია, რომელმაც მოიგო მასწავლებლის გლობალური ჯილდო. გამარჯვებულს ჯილდო შეიხ მოჰამედ ბენ რაშიდ ალ მაკტუმმა, არაბეთის გაერთიანებული ემირატების ვიცე-პრეზიდენტმა, დუბაის მმართველმა, გადასცა.

გამარჯვებული გამოვლინდა თუ არა, გლობალურ ფორუმზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ვიდეომილოცვა გაუშვეს. თავის სიტყვაში ბრიტანეთის პრემიერ-მინსიტრმა ტერეზა მეიმ აღნიშნა: „მასწავლებლობა გულისხმობს ტაქტს, გულწრფელობასა და დიდსულოვნებას. ეს ის თვისებებია, რომლებსაც თქვენ მოსწავლეებთან ყოველდღიურ ურთიერთობაში იყენებთ, მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ და ვიცი, რომ კვლავ გააკეთებთ“. ასევე, ტერეზა მეიმ მადლობა გადაუხადა შეიხ მოჰამედ ბენ რაშიდ ალ მაკტუმს მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერის, პოპულარიზაციისა და მასწავლებლის გლობალურ დაჯილდოების ცერემონიის პატრონაჟისათვის.

ანდრია ზაფიროკუ ჩრდილოეთ ლონდონში (ბრენტში), ალპერტონის სკოლაში ხელოვნებასა და ხელსაქმეს ასწავლის. ბრენტი ეთნიკურად ყველაზე მრავალფეროვანი ადგილია ლონდონში. იქ სკოლებში დაახლოებით 130 ენაზე მოლაპარაკე მოსწავლეები დადიან. ეს ბავშვები არიან უღარიბესი ოჯახებიდან. ბევრი მათგანი ბანდების ძალადობის მსხვერპლია. მოსწავლეებს ურთიერთგაგება და მასწავლებლებთან ურთიერთობა უჭირთ. ანდრიამ მათი და მათი ოჯახის წევრების ნდობის მოპოვება შეძლო, რადგან ფლობს 30-მდე ენის საბაზისო ლექსიკას და იყენებს ამას მოსწავლეებთან საურთიერთოდ. პოლიციასთან თანამშრომლობით ცდილობს დაიცვას მოსწავლეების უსაფრთხოება და შეუქმნას მათ პირობები სწავლისათვის. ანდრია მოხალისეა და დამატებით გაკვეთილებს ატარებს სკოლაში, რათა მოსწავლეებს ჰქონდეთ სივრცე სწავლისათვის (ბევრ მათგანს ამის პირობების შინ არ აქვს). ანდრიას ინიციატივით სკოლაში ბევრი კლუბი და წრე შეიქმნა, რომლებიც მოსწავლეებს სირთულეების დაძლევაში ეხმარება.

2019 წელს კიდევ მარტში კიდევ ერთი ქართველი მასწავლებელი იმოგზაურებს ამ საოცარ ქვეყანაში და სწორედ ის გაგვიზიარებს იქ ყოფნის განცდებსა და ემოციებს. გამოცდილების გაზიარება, ვფიქრობ, ძალიან დიდი ნიჭია და ამიტომაც მჯერა, ძალიან ბევრი მასწავლებელი შეავსებს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს აპლიკაციას. ვიმედოვნებ, რომ 2018 წლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული, ანდრია ზაფიროკუ დაგვთანხმდება და საქართველოში გესტუმრება „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს“ გადაცემის რიგით მეორე ცერემონიაზე.

საქართველო მსოფლიოს ნაწილია და ამ სიახლოვეს ნამდვილად შეუწყვეს ხელი განათლების სფეროში მოღვაწე ერთად შეკრულმა ორგანიზაციებმა თუ პიროვნებებმა, რომლებიც უანგაროდ ემსახურებიან ამ რთულ საქმეს და რომელთა მიზანია, რომ მსოფლიოს არ ჩამოვრჩეთ.