მიმოზა ღოლიჯაშვილი

Feature Image

მიმოზა ღოლიჯაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის დირექტორია. მუდმივად ზრუნავს პროფესიულ ზრდაზე და ამბობს, რომ ,,ლიდერობის აკადემიის“ ტრენინგ-მოდულების გავლამ ასწავლა, როგორი უნდა იყოს წარმატებული სკოლის, წარმატებული სასწავლო ლიდერი და მენეჯერი. სკოლა სრულადაა რეაბილიტირებული „ათასწლეულის გამოწვევის ფონდ-საქართველოს“ მიერ და შექმნილია უსაფრთხო, კომფორტული ფიზიკური და ემოციური გარემო სწავლა-სწავლებისთვის.

ურთიერთთანამშრომლობითი კულტურა, გაზიარებული ლიდერობა, გუნდურობა და ფუნქციების სწორად დელეგირება – მისი სკოლის წარმატების წინაპირობაა. იგი პატივს სცემს განსხვავებულ აზრს, არ იღებს ერთპიროვნულ, უპირობო გადაწყვეტილებებს და რთავს სასკოლო საზოგადოებას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ჩამოყალიბებისა და განხორციელების პროცესში. ზრუნავს მშობლების ჩართულობაზე და მათთვის შექმნილი გარემო, მშობელს სასკოლო საზოგადოების განუყოფელ ნაწილად მოიაზრებს. ყველაზე მთავარი კი მისთვის მოსწავლეა, მასზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნაა, მათი უსაფრთხოება და არაძალადობრივად შემოქმედებით გარემოში სწავლაა.

სასკოლო კულტურის განვითარების მიზნით და ქალბატონ მიმოზას ინიციატივით, შექმნილმა ,,მშობლების მხარდამჭერთა კლუბმა“, ხელი შეუწყო მშობლების ჩართვას შვილის განათლებისა და აღზრდის პროცესში, გაზარდა წარმატებული პროექტების რიცხვი რის შედეგადაც, მშობლები სკოლას მიიჩნევენ როგორც პარტნიორს ბავშვის განათლებაში; მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით და პროფესიული განათლების მიმართულებით, სკოლას მესამე წელია მემორანდუმი აქვს გაფორმებული კოლეჯ ,,განთიადთან“, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეებში შრომითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი უნარების განვითარებას, მომავალი პროფესიის არჩევას; სწავლა-სწავლების გაუმჯობესების მიზნით, ქალბატონმა მიმოზამ, თანამოაზრეთა ჩართულობით გააძლიერა არაფორმალური განათლება და სკოლაში დაინერგა პროექტული და კლუბური სწავლება, რამაც შექმნა მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო. სკოლის ლიდერის ინიციატივით, სკოლა ჩაერთო დაწყებითი განათლების პროექტ G-PRIED-ში, რამაც მოიცვა მთელი სასკოლო საზოგადოება, ხელი შეუწყო ინოვაციების დანერგვასა და მშობელთა ჩართულობას; აღსანიშნავია, რომ თითოეული პროექტი მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით და სკოლის ლიდერის ხელშეწყობით დღემდე მდგრადია.

თანამშრომლობითი კულტურა, გამოცდილების გაზიარება, ტექნოლოგიებით სასკოლო რესურსის გამდიდრება, ინოვაციური პროექტების წახალისება, სასკოლო საზოგადოებისთვის ტრენინგ-მოდულების დაგეგმვა-განხორციელება, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო, ძლიერი და ფუნქციონალურად გამართული სკოლა, დიდი ძალისხმევის შედეგია. თუმცა, წინ კიდევ დიდი გამოწვევები და სერიოზული გეგმებია.

სკოლას მჭიდრო კავშირი აქვს თემთან, მშობლებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ერთობლივად ახორციელებენ საჭირო და საინტერესო აქტივობებს (სოფლის საყოფაცხოვრებო ნარჩენების მოგროვება-გატანა, მაკულატურის შეგროვება, სკოლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება, მარტოხელა მოხუცების დახმარება და სხვა), რაც ზრდის სკოლის როლს ადგილობრივი თემის განვითარებაში.