რეგიონული ნდობის ჯგუფების წევრობაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

Feature Image

პროექტის „რეგიონული ნდობის ჯგუფები სკოლების დეპოლიტიზებისათვის“ ფარგლებში რეგიონული ნდობის ჯგუფების წევრობაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს.

რეგიონული ნდობის ჯგუფის წევრი უნდა იყოს დამოუკიდებელი სამოქალაქო პოზიციის მქონე საზოგადოებრივად აქტიური სრულწლოვან პირი. ჯგუფის წევრი ვერ გახდება საჯარო მოხელე ან პოლიტიკური პარტიის წევრი.

ჯგუფების წევრის საქმიანობა დაიწყება 2021 წლის 1 ივლისიდან და დასრულდება 2021 წლის 31 დეკემბერს. პროექტის მიღმა ნდობის ჯგუფები განათლების კოალიციის მხარდაჭერით განაგრძობს საქმიანობას როგორც განათლების სისტემის დეპოლიტიზების მხარდამჭერი საზოგადოებრივი მოძრაობა. რეგიონული ნდობის ჯგუფიდან შერჩეული კოორდინატორების საქმიანობა იქნება ანაზღაურებადი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა მითითებულ ბმულზე.

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: depolitizacia@gmail.com

პროექტს „რეგიონული ნდობის ჯგუფები სკოლების დეპოლიტიზებისთვის“ ახორციელებს განათლების კოალიცია და ორგანიზაცია „ღია სივრცე კავკასია,“ ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ზოგადი განათლების სისტემის დეპოლიტიზების მხარდაჭერისთვის რეგიონული ნდობის ჯგუფების ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს განათლების სფეროში დასაქმებული ადამიანების ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდას, პოლიტიკური გავლენებისგან დაცვას და მათი რესურსების არამართლზომიერი გამოყენების პრევენციას.

ინფორმაცია ნდობის ჯგუფების შესახებ

რეგიონული ნდობის ჯგუფები წარმოადგენს სამოქალაქო აქტივისტების ქსელს, რომელიც ერთიანდება განათლების დეპოლიტიზების და სასკოლო თემის წარმომადგენელთა პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების დაცვისათვის.

ნდობის ჯგუფების მიზანია, განათლების სფეროში დასაქმებული პირების პოლიტიკური ნიშნით შევიწროების, ზეწოლის, ან/და საარჩევნო პროცესებში არამართლზომიერი ჩართვის ფაქტების იდენტიფიცირება, რეაგირება და ადგილებზე მათი მხარდამჭერი ღონისძიებების განხორცილება.

ნდობის ჯგუფების საქმიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა პრევენციული აქტივობა, რომლის ფარგლებშიც მოხდება ინფორმაციის გავრცელება ზოგადი განათლების სისტემაში დასაქმებული პირების უფლებების, ვალდებულებების და სამართლებრივი შეზღუდვების შესახებ, მათ შორის საარჩევნო/პოლიტიკური უფლებების კუთხით.

ასეთი ჯგუფების არსებობა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივ მოსახლეობასთან მეტად გახსნილ კომუნიკაციას, დროულ სამოქალაქო რეაგირებასა და დეპოლიტიზების პრობლემისადმი სისტემური მიდგომის ფორმირებას.

რეგიონული ნდობის ჯგუფების საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • რეგიონებში არსებული სკოლების მონიტორინგი პოლიტიკური გავლენების იდენტიფიცირებისათვის;
  • ზოგადი განათლების სიტემაში დასაქმებული პირებისათვის ინფორმაციის მიწოდება პოლიტიკურ/საარჩევნო პროცესებთან მიმართებაში მათი უფლება-მოვალეობების შესახებ და სხვა პრევენციული ღონისძიებების გატარება;
  • წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით არსებული დარღვევების შესწავლა/გამოვლენა და ფაქტების პროექტის მმართველი გუნდისთვის მიწოდება;
  • დარღვევებზე რეაგირება პროექტის გუნდთან ერთად წინასწარ განსაზღვრული სამოქმედო გეგმის მიხედვით;
  • პროექტის გუნდთან კოორდინაციით ადგილობრივ სამოქალაქო სექტორთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა განთლების დეპოლიტიზების საკითხებში;
  • ადგილობრივი საინფორმაციო კამპანიის წარმოება.