სიახლეები
15 ივლისი 2014

კოალიცია განათლება ყველასათვის – საქართველოს საჯარო პრეზენტაცია

4 ივლისს, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში გაიმართა კოალიცია განათლება ყველასათვის – საქართველოს საჯარო პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე მოწვეულები იყვნენ განათლების სფეროში მოღვაწე ექსპერტები, ადგილობრივი და საერთაშორისო არაარასამთავრობო სექტორის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები.
შეკრებილ სტუმრებს მიესალმა კოალიციაში შემავალი ორგანიზაციის, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ქ-ნი ირინა ხანთაძე.
კოალიციის გამგეობის თავმჯომარის, ბ-ნი გიორგი მაჩაბელის პრეზენტაცია ეხებოდა კოალიციის მიმდინარე საქმიანობას და მომავალ გეგმებს. განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის ექსპერტმა ბ-მა რევაზ აფხაზავამ წარმოადგინა მოკლე ანგარიში ინკლუზიური განათლების სახელმწიფო პროგრამაში ჩართული საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მონიტორინგის შესახებ, რომლის რეკომენდაციის საფუძველზეც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული და ინკლუზიური განათლების სააგენტოს ორგანიზებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი საგანმანათლებლო სივრცის სტანდარტის შესამუშავებლად.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ქ-მა ლია გიგაურმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარი კოალიციის ჩამოყალიბება, რადგან ხშირად, დონორის მიერ დაფინასებული არასამთავრობო ორგანიზაციები არაკოორდინირებულად მოქმედებენ და აქედან გამომდინარე, შედეგი გაცილებით მცირეა, ვიდრე შეიძლება იყოს კოორდინირებული ქმედებისას.
პრეზენტაციის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რის შემდეგაც მონაწილეებმა არაფორმალურ ვითარებაში გადაინაცვლეს.