სიახლეები
14 ნოემბერი 2014

კონფერენცია “ზოგადი განათლების სისტემის რეფორმისათვის”

13 ნოემბერს, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში, კოალიცია განათლება ყველასათვის – საქართველომ გამართა კონფერენცია “ზოგადი განათლების სისტემის რეფორმისათვის”, სადაც წარმოდგენილი იყო კოალიციის პოზიციის დოკუმენტი და მასში შემავალი რეკომენდაციები მასწავლებეთა პროფესიული ასოციაციების და სკოლის სამეურვეო საბჭოების განვითარების პოლიტიკის შესახებ. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი, ამავე ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა აბულაძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და განათლების სფეროში მოღვაწე ექსპერტები.
კონფერენცია გახსნა კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ, განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის ინსტიტუტის წარმომადგენელმა რევაზ აფხაზავამ. მან საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია კოალიციის საქმიანობის და ჩატარებული კვლევის შესახებ. პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ, რომელიც კოალიციაში წარმოადგენს ამ ორგანიზაციას მოწვეულ სტუმრებს გაუზიარა განათლების ინტერნაციონალის პოზიცია და ხედვა მასწავლებელთა საჭიროებებზე “განათლება ყველასათვის” და “ათასწლეულის განვითარების მიზნების” პროგრამებთან და 2015 წლის შემდგომი განვითარების გეგმასთან მიმართებაში. აღსანიშნავია, რომ განათლების ინტერნაციონალი ჩართულია ამ პროგრამების შესრულების მონიტორინგში.
კონფერენციაზე წარმოდგენილი პრობლემის ანალიზი და რეკომენდაციები, რომელიც ასახულია კოალიციის პოზიციის დოკუმენტში, ეფუძნება ჩატარებული ფოკუს ჯგუფების და ამ მიმართულებით სხვა ქვეყნების გამოცდილების კვლევის ანალიზს, რომელიც განახორციელეს კოალიციის წევრმა ორგანიზაციებმა – ასოციაცია სკოლა, ოჯახი, საზოგადოებამ (მასწავლებელთა პროფესიული ასოციაციების განვითარების პოლიტიკაზე) და განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა (სკოლის სამეურვეო საბჭოებზე).
მასწავლებელთა პროფესიული ასოციაციების განვითარების პოლიტიკის პრეზენტაცია წარმოადგინა ირინა კიკვაძემ (ასოციაცია სკოლა, ოჯახი, საზოგადოება), სკოლის სამეურვეო საბჭოებზე ისაუბრეს რევაზ აფხაზავამ და თამუნა ბრეგვაძემ (განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი). პრეზენტაციების შემდეგ, ორივე საკითხზე გაიმართა კითხვა-პასუხი და დისკუსია.
ლია გიგაურმა აღნიშნა, რომ პროფესიული განვითარების ჭრილში ერთ-ერთი გადამწყვეტია განვითარებული საგნობრივი ასოციაციების როლი, თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ხელსაყრელ გარემოს და წამახალისებელ მექანიზმს შესთავაზებს სახელმწიფო ასეთი ასოციაციების განვითარებას, ინიციატივა და მოთხოვნა მათი შექმნისა მასწავლებლებისგან უნდა მოდიოდეს, მხოლოდ გარედან წამოსული დახმარება ან ინიციატივა ვერ გახდება საკმარისი იმისთვის, რომ ასოციაცებმა შეასრულონ ის როლი და ფუნქცია, რომელიც მათ შეიძლება დაეკისროთ. კოალიციის წარმომადგენლის, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ირინა ხანთაძის აზრით, ასოციაციები არ უნდა ჩამოყალიბდნენ მხოლოდ სერვის პროვაიდერებად ტრენინგის ჩატარების კუთხით, არამედ უნდა განვითარდნენ ორგანიზაციებად, რომელთაც ექნებათ უნარი შექმნან საგნის პროფესიონალთა ორგანიზებული ქსელი, სადაც მოდხება პროფესიული გამოცდილების გაზიარება, განახორციელონ საგნის ადვოკატირება და მონაწილეობა მიიღონ შეფასების პროცესში, გრიფირებული სახელმძღვანელოების, სასწავლო რესურსების შექმნაში, პოლიტიკის შემუშავებაში და სხვა.
სკოლის სამეურვეო საბჭოებზე საუბრისას თამუნა ბრეგვაძემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სამეურვეო საბჭო არ შეიძლება მოიაზრებოდეს, როგორც ცალკე აღებული სტრუქტურა, მისი აღქმა და შესაბამისად მასთან დაკავშირებული ინტერვენციები უნდა არსებობდეს სკოლის ერთიან კონტექსტში – პედაგოგიურ საბჭოსთან, ადმინისტრაციასთნ, მოსწავლეთა თვითმმართველობასთან, თემთან პარალელში და შესაბამისად, კონტექსტიდან გამომდინარე, მიდგომებიც სამეურვეო საბჭოსთან მიმართებაში დიფერენცირებული უნდა იყოს. ილიაუნის ასოცირებული პროფესორის, სიმონ ჯანაშიას აზრით, სამეურვეო საბჭოებთან დაკავშირებით სახელმწიფოს ხედვა და ინსტრუმენტები ერთმანეთთან თანხვედრაში უნდა იყოს – არ შეიძლება ხედვა იყოს ერთი, ცენტრალიზებული ან დეცანტრალიზებული, ხოლო ინსტრუმენტები კი პირიქით, რადგან ამგვარი მოდელი მეტწილად წარუმატებელია. არსებული სამეურვეო საბჭოების არაეფექტურობის ერთ-ერთ მიზეზად მან ესეც დაასახელა.
კონფერენციის დასასრულს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორმა, გიორგი მაჩაბელმა აღნიშნა, რომ შესაძლებელია ცენტრის ინიციატივით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების და სამინისტროს წარმომადგენლები და ჩამოაყალიბებენ ერთიან ხედვას, თუ როგორი პოლიტიკა და მასტიმულირებელი მექანიზმები შეიძლება ქონდეს სახელმწიფოს ამ მიმართულებებით.
კონფერენცია 3 საათს გაგრძელდა.
კონფერენციის შესახებ ინფორმაციის სანახავად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერზე გადადით ბმულზე:

http://www.mes.gov.ge/content.php?id=5426&lang=geo