სიახლეები
9 ოქტომბერი 2018

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ცნობილია

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ქალაქ ბაღდათის № 2 საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელი, მანანა კაპეტივაძე გახდა. მას ფულადი პრიზის სახით კამპანიის გენერალურმა სპონსორმა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა 10 000 ლარი გადასცა.

ხოლო დანარჩენი ოთხი ფინალისტი „ლიბერთი ბანკმა“ დააჯილდოვა.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში წელს 104 მასწავლებელი ჩაერთო, მათგან საუკეთესო ხუთეული განათლების სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.

ჯილდოს გენერალური მხარდამჭერია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. ჯილდოს პარტნიორები არიან „ლიბერთი ბანკი“, ტელეკომპანია „იმედი“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.