სიახლეები
17 დეკემბერი 2018

პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებისკენ მიმართული საგრანტო პროექტების განხორციელება დაიწყო

კოალიციამ „განათლება ყველასათვის“ პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებისკენ მიმართული საგრანტო პროექტების განხორციელება დაიწყო. კონკურსში გამარჯვებული მასწავლებლების სკოლებს კომპიუტერული ტექნიკა, ლაბორატორიული აღჭურვილობა და სასწავლო რესურსები გადაეცათ.

საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკის განვითარებისა და გაზიარების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვება ექვსმა პროექტმა მოიპოვა.

კონკურსის მიზანია საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკის დანერგვა პროექტებსა და კვლევაზე დაფუძნებული სწავლების განვითარების, პედაგოგების პროფესიული კომპეტენციების განვითარებისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესების გზით.

კოალიციამ საგრანტო კონკურსი მიმდინარე წლის ივნისს გამოაცხადა. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ 2017 წლის საუკეთესო ათეულის წევრებს.

საგრანტო კონკურსი ხორციელდება „გუდავაძე პატარკაციშვილის ფონდის“ მხარდაჭერით.  ფონდი კოალიციის ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორია 2017 წლიდან, როგორც „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“, ასევე სასკოლო საზოგადოების განვითარებისა და განათლების სისტემის გაუმჯობესებისკენ მიმართული პროექტების  ფარგლებში.