სიახლეები
2 ოქტომბერი 2019

პროექტის „მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისთვის“ შემაჯამებელი ღონისძიება

განათლების კოალიციის ორგანიზებითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით პროექტის „მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნინო დობორჯგინიძე, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეობის ჩართულობის პროგრამის ხელმძღვანელი თამარ გურჩიანი, ჟურნალ „მასწავლებლის“ რედაქტორი ნატალია ინგოროყვა, 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული მანანა კაპეტივაძე.

ღონისძიებაზე განათლების კოალიციის დირექტორი გიორგი ჭანტურია პროექტის შემაჯამებელი ანგარიშით წარდგა.  თემატური პრეზენტაცია გააკეთა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტმა, ხელოვნების მასწავლებელმა ინდოეთიდან, სვარუპ რავალმა.

პროექტს „მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისათვის“ ახორციელებს განათლების კოალიცია  აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მისი მიზანია პედაგოგებში კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობის აქტუალიზაციისა და სწავლა-სწავლების პროცესში მისი გამოყენების ხელშეწყობა. პროექტი ხორციელდება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის მასწავლებელთა მონაწილეობით.

პროექტი ითვალისწინებდა დროის მოკლე მონაკვეთში ინტენსიური კამპანიის წარმოებას მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრების მონაწილეობით. კლუბში გაერთიანებული არიან 2017-2019 წლებში ჯილდოს საუკეთესო ათეულში შემავალი მასწავლებლები. ისინი სხვადასხვა აქტივობისა და ღონისძიების ფარგლებში კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ.  მასწავლებლების მონაწილეობით მომზადდა ვიდეორგოლები, ბროშურები და გზამკვლევი კრიტიკული აზროვნების შესახებ.