სიახლეები
3 ოქტომბერი 2018

საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციებთან ხელშეკრულებები გაფორმდა


კოალიციამ „განათლება ყველასათვის – საქართველო“ ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერაზე მიმართულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციებთან ხელშეკრულებები გააფორმა. შერჩეულ საგრანტო პროექტებს “პროფესიონალ ქომიკოსთა ასოციაცია”, “მშობლები განათლებისთვის”, “საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია” და “სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი” განახორციელებენ.

კონკურსი განათლების საკითხებზე მომუშავე ასოციაციებისათვის მიმდინარე წლის მაისის თვეში გამოცხადდა და მასში მონაწილეობა შეეძლოთ ყველა საგნობრივ ასოციაციას, რომელიც იურიდიულად რეგისტრირებულია და ფუნქციონირებს მინიმუმ 1 წელი.

კონკურსის მიზანია მხარი დაუჭიროს განათლების საკითხებზე მომუშავე ასოციაციებს თავიანთი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში, რაც ემსახურება ისეთი საკითხების გადაჭრას როგორიცაა ახალი წევრების მოზიდვა, საწევრო გადასახადების სისტემის ამოქმედება და წევრებისათვის ინოვაციური სერვისების მიწოდების შემუშავება.

საგრანტო კონკურსი ხორციელდება „გუდავაძე – პატარკაციშვილის ფონდის“ მხარდაჭერით.  ფონდი კოალიციის  ერთ-ერთი ძირითადი  პარტნიორია 2017 წლიდან,  სასკოლო საზოგადოების განვითარებისა და განათლების სისტემის გაუმჯობესებისკენ მიმართული პროექტების  ფარგლებში.

_____________

კოალიციის შესახებ

კოალიციის „განათლება ყველასათვის-საქართველო“ მიზანია ხელი შეუწყოს განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ხარისხიან განათლებაზე თანაბარ წვდომას ჩვენს ქვეყანაში. კოალიცია სამოქალაქო საზოგადოების საერთაშორისო მოძრაობის გლობალური კამპანია განათლებისთვის წევრია.

კოალიცია 2013 წლის შემოდგომაზე ჩამოყალიბდა. მასში გაწევრიანებულია განათლების სფეროში მოღვაწე 15 სხვადასხვა თემატური პროფილის მქონე, ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაცია.