სიახლეები
23 ოქტომბერი 2018

საქართველოში სკოლის მოსწავლეთა მშობლების ხელშეწყობის მიზნით სატელეფონო მომსახურების პირველი ცენტრი ამოქმედდა

ორგანიზაციამ მშობლები განათლებისთვის, სკოლის მოსწავლეთა მშობლების ხელშეწყობის მიზნით, სატელეფონო მომსახურების პირველი ცენტრი კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“ მხარდაჭერით აამოქმედა.

ტელეფონის ნომერზე – 219 60 80 დარეკვის შემთხვევაში, მშობელი კონსულტაციას მიიღებს ნებისმიერ სასკოლო საკითხზე, რაც მას და მის შვილს ეხება. კერძოდ, რა ვალდებულებები და უფლებები აქვს სკოლას, მასწავლებელს და მშობელს ბავშვის განათლების საკითხში.
როგორ ითანამშრომლოს მშობელმა სკოლასთან. რა გამოსავალი არსებობს მაშინ, როდესაც სახეზეა ბავშვზე ძალადობის პრობლემა და ვის ეხება მისი მოგვარება. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ სწავლების ფორმა ან სასწავლო პროცესში დაფიქსირებული ღირებულებები არღვევს დემოკრატიულ პრინციპებს; აქვს თუ არა მშობელს სკოლის მართვაში მონაწილეობის უფლება. გასაჩივრების რა შიდა და გარე მექანიზმები არსებობს; როგორ მოიქცეს მშობელი თუ ირღვევა ზოგადი განათლების შესახებ კანონი.

განათლების საკითხებზე და მშობლის ინფორმირებაზე ორიენტირებული სატელეფონო მომსახურების ცენტრის ამოქმედება საქართველოში პირველი პრეცედენტია.

________

კოალიცია 2013 წლის შემოდგომაზე ჩამოყალიბდა. მასში გაწევრიანებულია განათლების სფეროში მოღვაწე 15 სხვადასხვა თემატური პროფილის მქონე, ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაცია. კოალიციის მიზანია ხელი შეუწყოს განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ხარისხიან განათლებაზე თანაბარ წვდომას ჩვენს ქვეყანაში. კოალიცია სამოქალაქო საზოგადოების საერთაშორისო მოძრაობის გლობალური კამპანია განათლებისთვის (Global Campaign for Education) წევრია.