სიახლეები
21 დეკემბერი 2015

სკოლების დაფინანსების და მართვის ახალი კონცეფცია და მედია დაჯილდოება

17 დეკემბერს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა კოალიციის განათლება ყველასათვის – საქართველოს წლის შემაჯამებლი კონფერენცია და კოალიციის მიერ ინიცირებული მედია კონკურსის “აირჩიე განათლება” გამარჯვებულების დაჯილდოება. ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საზოგადოებრივი სექტორის და მედიის წარმომადგენლები.
კონფერენციაზე კოალიციამ წარადგინა სიმონ ჯანაშიას და რევაზ აფხაზავს მიერ მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტი “დიფერენცირებული მიდგომის პოლიტიკა განათლებაში” (დოკუმენტის სანახავად შეგიძლიათ ისარგებლოთ ბმულით: https://drive.google.com/file/d/0B7oD0-lFqSz1WWdfd0p6NHMzQzA/view?usp=sharing), რომელიც ეფუძნება ხედვას, რომ სკოლების ინსტიტუციური განვითარებისთვის და შესაბამისად, ხარისხიანი ზოგადი განათლების მისაღწევად, სახელმწიფომ უნიფიცირებული მიდგომის ნაცვლად უმჯობესია შეიმუშაოს სკოლების მართვის და დაფინანსების დიფერენცირებული პოლიტიკა, სადაც გათვალისწინებული იქნება სკოლების ინდივიდუალური შესაძლებლობები და საჭიროებები.
საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოხატეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა, ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა აბულაძემ, ილიაუნის მოწვეულმა პროფესორმა, განათლების ექსპერტმა გიორგი გახელაძემ. მომავალში კოალიცია გეგმავს ამ საკითხზე მუშაობის გაგრძელებას და მისი რეალიზაციის კონკრეტული მექანიზმების შემუშავებას.