სიახლეები
15 დეკემბერი 2016

კოალიციის განცხადება “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით

კოალიციის წევრი ორგანიზაციების სახელით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ინიციატივას. გვსურს, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ სკოლების მართვისა და რეგულირებისადმი დიფერენცირებულ მიდგომასთან დაკავშირებულ საკითხზე, რომელიც კოალიციის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენს მიერ 2015 წლის 17 დეკემბერს წარმოდგენილ იქნა პოლიტიკის დოკუმენტი “დიფერენცირებული მიდგომის პოლიტიკა განათლებაში”, რომელიც მოიაზრებს განსხვავებული შესაძლებლობისა და მოტივაციის სკოლებისათვის განსხვავებული მიდგომის პრინციპს. დოკუმენტის განხილვა და კონცეფციის ადვოკატირების კამპანია განსაკუთრებით აქტიურ ფაზაში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გადავიდა. დიფერენცირების მიდგომა კონცეპტუალურად გაზიარებულ იქნა განთლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. შესაბამისად, ვთვლით, რომ შემოთავაზებული ცვლილება ქმნის ხელსაყრელ საკანონმდებლო გარემოს ამ რეფორმის განხორციელებისათვის და ამავდროულად მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, რომ მომდევნო ეტაპზე გაგრძელდეს სამინისტროსა და სამოქალაქო სექტორის დიალოგი მოცემული კონცეფციისა და საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე რეფორმის ეფექტიანად განხორციელების კონკრეტული ინსტრუმენტების შემუშავებისათვის.

ჩვენ ვემხრობით, რომ ყველა ცვლილება ეფუძნებოდეს თანასწორობისა და თანაბარი ხელმისაწვდომობის პრინციპებსა და სულისკვეთებას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე საკითხი (ბრენდირების, დისციპლინარული დევნის, დაფინანსების და სხვა) ბადებს გარკვეულ კითხვებს, ვინაიდან არ მომხდარა აღნიშნული საკითხების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და წინასწარი განხილვების ორგანიზება. ვიმედოვნებთ, რომ საკომიტეტო განხილვის პროცესი წარიმართება მაქსიმალური გამჭვირვალობისა და მონაწილეობის პრინციპების გათვალისწინებით, რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდება დამატებითი ინფორმაციის მიღება და კონკრეტული მოსაზრებებისა და რეკომენდაციების ჩამოყალიბება.