სიახლეები
18 თებერვალი 2017

კოალიციის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმასთან დაკავშირებით

განათლების სფეროში ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, საჭიროდ მიგვაჩნია წარმოვადგინოთ ჩვენი ხედვა და რეკომენდაციები საზოგადოებრივი მაუწყებლის როლისა და განვითარების სტრატეგიის შესახებ. 2016 წლის სექტემბერ-დეკემბერში
კოალიციამ განახორციელა კვლევა – „განათლების საკითხების გაშუქება საზოგადოებრივ მაუწყებელზე,“ სადაც შეისწავლა თუ რამდენად პრიორიტეტულია საზოგადოებრივი
მაუწყებლისათვის განათლების საკითხების გაშუქება (კვლევის სრული ვერსია
შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: goo.gl/6RitBm). 
საზოგადოებრივი მაუწყებლის მისიისა და პროგრამული პრიორიტეტების
(ინფორმირება, განათლება, გართობა) მიუხედავად, დღემდე, განათლების საკითხები
არასათანადოდ იყო წარმოდგენილი (მაგ. არ არსებობს ცალკე გადაცემა განათლების
მიმართულებით; საზოგადოებრივი მაუწყებლის თემატიკის ჩამონათვალში არ არის
ცალკე გამოყოფილი განათლება და ნახსენებია მხოლოდ მეცნიერების თემატიკის
განმარტებისას). შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, მივესალმებით საზოგადოების
აზრს მაუწყებელში განათლების თემატიკის მეტად წარმოჩენასთან დაკავშირებით.
აღნიშნულს ასევე მოწმობს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური
დირექტორობის 
ყოფილი კანდიდატების, გენერალური დირექტორისა და სხვა დაინტერესებული პირების განცხადებები/განვითარების ხედვები). ამასთან, განათლების თემის მიმართ საკმაოდ მაღალია საზოგადოების ინტერესი (მოსწავლეები, სტუდენტები, მასწავლებლები, მშობლები და ა.შ.) რაც საკითხს კიდევ უფრო აქტუალურს ხდის.
მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგია უნდა ეფუძნებოდეს
საზოგადოების განვითარების საჭიროებებსა და ინტერესებს. შესაბამისად, მისი ერთ-
ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ განათლება უნდა იყოს. კომერციული
ტელევიზიისაგან განსხვავებით, საზოგადოებრივ ტელევიზიას შეუძლია არ იყოს
სრულად ორიენტირებული რეიტინგებზე და აქცენტი პრობლემის სიღრმისეულ
გაშუქებაზე გააკეთოს. გარდა ამისა, მას აქვს განსაკუთრებული როლი საგანმანათლებლო
დაწესებულებებში მედია წიგნიერებისა და მედია-განათლების განვითარების კუთხით
(ევროპის მაუწყებელთა კავშირის რეკომენდაციები, „ხედვა 2020“).
იმედს გამოვთქვამთ, რომ ზემოთხსენებული საკითხები მაქსიმალურად იქნება
გათვალისწინებული და მზად ვართ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ჩავერთოთ
რეფორმის შემუშავების პროცესში (მაგ. სამუშაო ჯგუფები).
შეჯამებისათვის, მოკლედ წარმოგიდგენთ რეკომენდაციათა სიას:
1. პროგრამული პრიორიტეტების შემუშავებისას განათლების რეფორმა
განისაზღვროს ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტად;
2. მენეჯმენტის მიერ შემუშავდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის განათლების
პროგრამული პრიორიტეტების განხორციელების სამოქმედო გეგმა და
განისაზღვროს ინდიკატორები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი გახდება
სტრატეგიული მიმართულებების მიღწევის შეფასება;
3. შეიქმნას დამოუკიდებელი მედია პროდუქტები (გადაცემა, თოქ-შოუ და ა.შ.),
რომელიც მიმართული იქნება განათლების სფეროში მიმდინარე პროცესების
თანმიმდევრულ და სიღრმისეულ გაშუქებაზე.
კოალიცია უახლოეს მომავალში გეგმავს ზემოთ აღნიშნული კვლევისა და
რეკომენდაციების საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო და აღმასრულებელ
საბჭოებთან და გენერალურ დირექტორთან განხილვას.