განათლების კოალიციამ, ფონდთან “განათლება დემოკრატიისთვის“ თანამშრომლობით, პროექტის „ლიდერი განათლებაში“ განხორციელება დაიწყო. პროექტის ფარგლებში პოლონელი ექსპერტები მასწავლებლებისა და პედაგოგიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის პიროვნული და პროფესიული განვითარების ტრენინგებს ჩაატარებენ.
პროექტი პირველ ეტაპზე ონლაინ ფორმატში ტარდება და მასში მონაწილეობენ სხვადასხვა რეგიონის მასწავლებლები და სამი რეგიონული უნივერსიტეტის პედაგოგიკის ფაკულტეტის ის სტუდენტები, რომლებიც გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიატები არიან. მათ საშუალება ექნებათ, გაეცნონ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა მასწავლებლის პროფესიული იმიჯის ფორმირება, პოზიტიური თვითაღქმა, ქოუჩინგის ტექნიკები და მათი გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში, პოზიტიური სამუშაო გარემოს შექმნა და სტრესის მართვა პროფესიულ ურთიერთობაში.
„მოხარულები ვართ, რომ ხანგრძლივი მზადების შემდგომ, გვაქვს შესაძლებლობა მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს შევთავაზოთ ძალიან საინტერესო ტრენინგი, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან თემატიკას ეხება და, სამწუხაროდ, ყოველთვის ნაკლები ყურადღება ექცეოდა. ქოუჩინგის ტექნიკების, იმიჯის მართვის, თვითპრეზენტაციის საკითხების შესწავლა დაეხმარება მასწავლებლებს საკუთარი თავის კიდევ უფრო უკეთ წარმოჩენაში. გარდა ამისა, მდგრადობის კუთხით, გადამზადებული მასწავლებლები იმუშავებენ თავიანთ სკოლებში კოლეგა პედაგოგებთან. ასევე, აღსანიშნავია, რომ მასწავლებლებთან ერთად ტრენინგში მონაწილეობენ პედაგოგიკის ფაკულტეტის სტუდენტები, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიატები. იმედი გვაქვს, რომ კვლავ მოგვეცემა ისეთ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შესაძლებლობა, როგორიცაა ფონდი “განათლება დემოკრატიისთვის“, – განაცხადა კოალიციის დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ.
“მივესალმებით კოალიციის ახალ პროექტს, რომელშიც ამ ეტაპზე ფონდის სტიპენდიატები ჩაერთნენ. გვჯერა მსგავსი ინიციატივები ხელს შეუწყობს მომავალი მასწავლებლების პროფესიონალებად ჩამოყალიბებას და სტუდენტებსაც აქედანვე მიეცემათ საშუალება, მეტი გამოცდილება და ცოდნა შეიძინონ, მეტად მომზადებულები შევიდნენ სკოლაში. მინდა მადლობა გადავუხადო კოალიციას და ფონდს „განათლება დემოკრატიისთვის“, რომ ასეთი შესაძლებლობა მისცა სწორედ ჩვენს სტიპენდიატებს. ვიმედოვნებ, ეს პროექტიც და ზოგადად, ფონდის სტიპენდიატობა, მეტ ახალგაზრდას გაუჩენს სურვილს დაეუფლონ მასწავლებლის პროფესიას და გახდნენ წარმატებული სტუდენტები”, – განაცხადა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა.
40-საათიანი ტრენინგ-პროგრამის გავლის შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს და შეძლებენ საკუთარი გამოცდილება კოლეგებსა და დაინტერესებულ პირებს გაუზიარონ.
პროექტის დასკვნითი ღონისძიება აგვისტოში გაიმართება.
პროექტის მიზანია მასწავლებლის პროფესიული და პიროვნული განვითარების პროგრამების მხარდაჭერა და პოლონური გამოცდილების გაზიარება. პროექტი დაფინანსებულია პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდის მიერ, პროგრამის ცვლილება რეგიონში (RITA) ფარგლებში.