საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ზოგადი განათლების საფეხურზე მიმდინარე რეფორმის პრეზენტაციასთან დაკავშირებით განათლების კოალიციის პოზიცია

2023 წლის 12 დეკემბერს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, ზოგადი განათლების საფეხურზე მიმდინარე რეფორმის პრეზენტაცია გამართა, რომლის ფარგლებში საზოგადოებას რეფორმის ძირითადი მიმართულებები და საკვანძო საკითხები გააცნო.

მინისტრმა საუბრისას გამოყო რეფორმის შემდეგი ძირითადი მდგენელები:

  • ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები;
  • ეროვნული სასწავლო გეგმის შინაარსი და სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზებადა ეროვნული შეფასებები;
  • სკოლის დირექტორების კონკურსი;
  • მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკა და პროფესიული განვითარება
  • სასკოლო კვება;
  • სასკოლო ინფრასტრუქტურა;
  • სკოლების ავტონომია და  განათლების პოლიტიკის დაგეგმვა.

მივესალმებით, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა მოიცავს იმ საკვანძო საკითხებს, რომლის კონცეპტუალური თუ პრაქტიკული გადაჭრაც მნიშვნელოვანია სისტემის განვითარებისათვის. აღსანიშნავია, რომ არაერთი საკითხი თუ რეკომენდაცია თანხვედრაშია განათლების კოალიციის ხედვასთან, რაც ასახული გვაქვს პოლიტიკის დოკუმენტებში, კვლევით თუ სხვა ტიპის ანგარიშებში.

აქვე იმედს ვიტოვებთ, რომ დაანონსებული გამჭვირვალე და ღია სამუშაო პროცესი პრაქტიკაში შეიძენს სამუშაო ფორმატს, რაც საშუალება მისცემს თითოეულ მხარეს ჩაერთოს მსგავსი გრძელვადიანი ინტერვენციების დაგეგმვაში.

წარმოდგენილ პოზიციაში მოკლედ შევაჯამებთ სამინისტროს მიერ გაზიარებულ ხედვას და გამოვხატავთ განათლების კოალიციის პოზიციას კონკრეტული მიმართულებებით.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების რევიზია

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე (ზგემი) გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამინისტრომ აქტიური მუშაობა დაიწყო განათლების ეროვნული მიზნების განახლებაზე. მისი თქმით, ეროვნული მიზნები დაეფუძნება მოსწავლეებში ეროვნული იდენტობის გაძლიერებას, ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობასა და მოზარდების ცნობიერების ამაღლებას პატრიოტიზმის, ქართული ტრადიციების, კულტურისა და ოჯახური ფასეულობების კუთხით.

მინისტრის განცხადებით, ფართო საზოგადოებრივი განხილვების შემდეგ, დოკუმენტის დამტკიცება იგეგმება „დაახლოებითი იანვრის თვეში.“

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ვადა არარეალისტურია ფართო საზოგადოებრივი განხილვებისა და ცვლილებების ასახვისათვის. დაუშვებლად მიგვაჩნია აღნიშნული პროცესი წარიმართოს მხოლოდ უკვე მომზადებული დოკუმენტის გაზიარებითა და მოქალაქეთა ჩართულობის პასიური მექანიზმების გამოყენების გზით.

რაც შეეხება დოკუმენტის შინაარსს,  აუცილებელია  აღნიშნული დოკუმენტი არ წარმოადგენდეს ინდოქტრინაციის, ცალკეული იდეოლოგიის გავრცელების მექანიზმს და ამასთან ჰარმონიზებული იყოს საქართველოს ევროინტეგრაციის მიზნებთან.

აღსანიშნავია, რომ ზგემის განახლების რეკომენდაციები მომზადდა 2022 წელს, ფართო საზოგადოებრივი ჯგუფის მიერ, განათლების კოალიციის კოორდინაციით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით. ინიციატივა მხარდაჭერილი იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ.

სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია რამდენად ეყრდნობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აღნიშნულ რეკომენდაციებსა და ზგემის წარდგენილ ვერსიას. მიუხედავად ჩვენი მიმართვისა, სამწუხაროდ, დოკუმენტის განახლებული ვერსია ჯერ-ჯერობით საჯაროდ ცნობილი არ არის.

დოკუმენტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია იგი დროულად იყოს გასაჯაროებული და მიწოდებული დაინტერესებული მხარეებისათვის.  მნიშვნელოვანია, რომ ამ ჯგუფებს ჰქონდეთ გონივრული ვადა რეკომენდაციების წარმოდგენისათვის. რეკომენდაციების წარდგენის შემდგომ, აუცილებელია პროცესი სამუშაო ფორმატში გაგრძელდეს. მიზანშეწონილია პროცესი ეტაპობრივად იყოს წინასწარ განსაზღვრული და გამოქვეყნებული. ამავდროულად, მნიშვნელოვანია სამინისტრომ ითანამშრომლოს დაინტერესებულ ჯგუფებთან და ეს არ იყოს ფორმალური ხასიათის.

განათლების კოალიციის მიერ მომზადებული დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.  დოკუმენტში ასახულია როგორც განახლებული ზგემი, ასევე მისი შემუშავების პროცესი, დასაბუთება, ძირითადი მიგნებები, სადისკუსიო გზამკვლევი, მათ შორის საერთაშორისო გამოცდილება და ბოლოს, იმ ჯგუფის სია, ვინც მონაწილეობდა შემუშავებისა ან/და განხილვების პროცესში.

სკოლის დირექტორების არჩევნები

სამინისტროს განცხადებით,   საქართველოს 1000 მდე სკოლაში დირექტორების შერჩევის ახალი კონკურსი უახლოეს მომავალში დაიწყება. ახალ კონკურსში ყველა კანდიდატს მიეცემა მონაწილეობის მიღების საშუალება, როგორც სერტიფიცირების მოპოვების მსურველებს, ასევე, სერტიფიცირებულ კანდიდატებს. მინისტრის დისკრეციის უფლება გამოყენებული იქნება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.

როგორც ცნობილია, 2023 წლის 6  დეკემბერს საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა განცხადებით მიმართეს განათლების სამინისტროს და მოუწოდებდნენ დირექტორებს კონკურსის გამჭვირვალედ ჩატარებისა და შექმნილი მძიმე სიტუაციის განმუხტვისაკენ.

მივესალმებით დირექტორების ახალი კონკურსის გამოცხადებას, რაც ცხადია ქმნის  სიტუაციის განმუხტვის საშუალებას. ასევე, მივესალმებით გადაწყვეტილებას, რომ დისკეციული უფლებამოსილების გამოყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში მოხდება, რა დროსაც, ცხადია, მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების არგუმენტირებული დასაბუთება.

კონკურსის ლეგიტიმურობის  უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია პროცესი დაიწყოს დროულად და გათვალისწინებული იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების  მიერ წარდგენილი სხვა რეკომენდაციებიც (იხ. განცხადება), რათა ახალი კონკურსი და პარალელურად მიმდინარე სერტიფიცირების გამოცდა ჩატარდეს ყველა ნორმის დაცვით და წარიმართოს თავისუფალ ინკლუზიურ და გამჭვირვალე გარემოში.

მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკა და პროფესიული განვითარება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაანონსა როგორც ახალი სახელფასო პოლიტიკის ამოქმედება 2024 წლის ივლისიდან, ასევე ცვლილებები პროფესიული განვითარების მიმართულებით.

მინისტრის განცხადებით ყველა მასწავლებელს, მიუხედავად სტატუსისა, 2024 წლის 1-ლი ივლისიდან სრული დატვირთვის პიროებში საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება ანაზღაურება. ასევე წამყვანი და მენტორი მასწავლებლები შეინარჩუნებენ სტატუსს და მიიღებენ ფუნქციის შესაბამის ფიქსირებულ დანამატს, საათობრივი დატვირთვისგან დამოუკიდებლად. ხოლო დარჩენილი 30% მიიღებს დანამატს საათობრივი დატვირთვის შესაბამისად. ასევე ცვლილებები შეეხებათ სპეც. მასწავლებლებს და მასწავლებლებს, რომლებსაც საგნობრივი კომპეტენცია აქვთ დადასტურებული.

განათლების კოალიცია, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის სკოლა ლაბის პროგრამასთან თანამშრომლობით, „საზოგადოებრივი ალიანსის მასწავლებლებისთვის“ ერთად, 2018 წლიდან აქტიურად მუშაობს როგორც მასწავლებლების შრომითი პირობების, ასევე პროფესიის პრესტიჟის ზრდაზე და პროფესიულ განვითრების დეცენტრალიზებული მოდელის განვითარებაზე.

ხელფასების ზრდას მივესალმებით;

ფუნქცია მოვალეობებს ეფუძნებოდეს;

სქემამ თავისი ფუნქცია ამოწურა და საჭიროებს გადახედვას და მივესალმებით სამინისტროს ინიციატივას, თუმცა მნიშვნელოვანია სახელფასო პოლიტიკა სამართლიანად ეხმაურებოდეს არსებულ სახელფასო განსხვავებებს.

მივესალმებით, რომ ამ თვალსაზრისით გათვალისწინებულია საკვანძო რეკომენდაციები, კერძოდ, მინისტრის განცხადებით პროფესიული განვითარების სისტემა გაემიჯნება სახელფასო პოლიტიკას, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია, როგორც მასწავლებლების შრომითი პირობების გაუმჯობესების, ასევე პროფესიონალიზაციის ხელშეწყობისთვის.  

მნიშვნელოვანია უახლოეს მომავალში შესაბამისი ცვლილება აისახოს მასწავლებლების ანაზღაურების გამოთვლის არსებულ წესში და შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდოს სასკოლო საზოგადოებას, ვინაიდან მოცემული მომენტისთვის მასწავლებლებისათვის ისევე როგორც სხვა მხარეებისთვის არ არის მკაფიო თუ კონკრეტულად რა მექანიზმით იზრდება ხელფასი, რაც იწვევს გაუგებრობას როგორც მასწავლებლებში, ასევე სასკოლო საზოგადოებაში.

ასევე, მინისტრმა ხაზი გაუსვა სკოლის ბაზაზე მასწავლებლების პროფესიული განვითარების  სისტემის განვითარების აუცილებლობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  პროფესიულ განვითარებაში სკოლის როლის გაძლიერებისთვის.

მიგვაჩნია რომ სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების სისტემის განვითარება საჭიროებს არსებული ეკოსისტემის გაძლიერებას, სკოლისთვის დამატებითი დაფინანსების წყაროების გამოყოფას, მასწავლებელთა თანამშრომლობის წახალისებისა და განვითარებისათვის.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია სამინისტროს მხრიდან გარდა ტრენინგების გარე სერვისების ცვლილებისა, წარმოდგენილ იქნას უშუალოდ სკოლის ბაზაზე პროფესიულ განვითარების სისტემის კონცეფცია, რომლის განვითარებაშიც ჩაერთვება როგორც მასწავლებლების ასევე პროფესიული ასოციაციებისა და ქსელების ფართო ჯგუფი.

განათლების კოალიციის, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის სკოლა-ლაბის პროგრამის და საზოგადოებრივი ალიანსი მასწავლებლებისათვის შემუშავებული კონკრეტული რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. ვფიქრობთ, დოკუმენტები კარგი საწყისი რესურსია სხვა პრაქტიკული მექანიზმების განვითარებისათვის.

სასკოლო კვება

სასკოლო კვების პროგრამასთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გააჟღერა შემდეგი: მუნიციპალურ დონეზე განხორციელდება ადგილობრივი საჭიროებების კვლევა კვების ორგანიზების მოდელების შესარჩევად; დამტკიცდა კვების ობიექტების ფუნქციონირებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნები; საქართველო გაწევრიანდა სასკოლო კვების საერთაშორისო კოალიციაში და განისაზღვრა ეროვნული ვალდებულებები.

მნიშვნელოვანია, რომ უკვე რამდენიმე წლიანი საუბრის შემდეგ, გაცხადდა უფრო კონკრეტული ნაბიჯები პროგრამის დანერგვის მიმართულებით. რაც შეეხება გლობალურ კოალიციაში გაწევრიანებას, რაც განათლების კოალიციის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო კვების პროგრამის დანერგვასთან მიმართებით, იგი გულისხმობს ეროვნული ვალდებულებების განსაზღვრასაც (ეროვნული ვალდებულებების შემუშავების გზამკვლევი იხილეთ ბმულზე). როგორც მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული დოკუმენტი შემუშავებულია. სამწუხაროა, რომ ვალდებულებების შემუშავების პროცესში არ მონაწილეობდნენ ის დაინტერესებული მხარეები, რომლებიც რამდენიმე წელია ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ.

მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი საჭიროებების კვლევის, განსაკუთრებით კი ეროვნული ვალდებულებების დოკუმენტის გასაჯაროება და მიწოდება დაინტერესებული ჯგუფებისათვის.

მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სამუშაო პროცესში ისეთი პრინციპების დაცვა, როგორიცაა საჯაროობა, გამჭვირვალობა და თანამშრომლობა. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია აღნიშნულ საკითხზე შეიქმნას სამუშაო პლატფორმა, რომელიც სხვადასხვა დაინტერესებულ პირებს ჩართავდა და იმუშავებდა კონკრეტული რეკომენდაციებისა და მოდელების შემუშავებაზე, რაც საბოლოოდ წარედგინება მთავრობას დასამტკიცებლად. მნიშვნელოვანია, პლატფორმა დაკომპლექტებული იყოს, როგორც საჯარო უწყებების, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების/ჯგუფების მიერ.

განათლების კოალიცია პარტნიორებთან ერთად აგრძელებს ერთი მხრივ ყველა დასახელებული მიმართულებით მუშაობასა და  მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას. ამასთანავე, გამოთქვამს მზაობას თითოეული მიმართულებით ითანამშრომლოს როგორც საჯარო ისე საზოგადოებრივ თუ არაფორმალურ ჯგუფებთან, რათა თითოეული ინტერვენცია წარიმართოს მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოების საუკეთესო ინტერესების შესაბამისად.