ინა ბიწაძე 1995 წელს 19 წლის იყო, როცა მესამე კურსის სტუდენტი, საჩხერის მაღალმთიან სოფელ ნიგვზარის საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გახდა და უკვე 25 წელია პედაგოგიურ მოღვაწეობას იმავე სკოლაში აგრძელებს. 2011 წლიდან არის უფროსი, ხოლო 2019 წლიდან წამყვანი მასწავლებელი. გამოწვევები მისთვის ახალი ცოდნისა და გამოცდილების წყაროა. სასწავლო პროცესზე მუდმივმა ფიქრმა ასწავლა, როგორ ექცია საფრთხეები შესაძლებლობებად. ამას კი სკოლის ლიდერის პოზიციიდან უკეთ შეძლებდა. 2014 წელს წარმატებით გაიარა სკოლის დირექტორის სერტიფიცირების პროცესი და ნიგვზარის სკოლის სამეურვეო საბჭომ დირექტორად აირჩია.
სკოლის მართვისას ინა ბიწაძე ითვალისწინებს სასკოლო თემის ყველა რგოლის ინტერესებსა და საჭიროებებს. განსაკუთრებით წახალისებულია მშობელთა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივები, თანამშრომლობითი კულტურის დამკვიდრება. დანერგა წახალისების სისტემა, პედაგოგებისაგან შექმნა სკოლის ლიდერთა გუნდი, გაუზიარა სტრატეგიული მიზნები, დაარწმუნა, რომ ყველაფრის სასიკეთოდ შეცვლა შესაძლებელია დაუღალავი შრომითა და სიახლეებისადმი მუდმივი მზაობით. პრიორიტეტად გაიხადა მოსწავლეთა თვითმმართველობის გაძლიერება, ბავშვებში ლიდერის უნარების განვითარებაზე ზრუნვა. დირექტორთან შეხვედრები სისტემატური გახდა. მოსწავლეებს განუვითარდათ ღონისძიებების დაგეგმვისა და მათი დამოუკიდებლად წარმართვის უნარები. მაღალმთიანი, მცირეკონტინგენტიანი სოფლის სკოლის სტატუსისა და მძიმე სოციალური ფონის მიუხედავად, სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი მოსწავლეების სრულფასოვანი განათლებისთვის, პასუხისმგებლობის უნარის მქონე, ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბებისთვის.
ინა ბიწაძეს მიაჩნია, რომ საგანმანათლებლო და სოციალურ პროექტებში ჩართულობა, გრანტების მოზიდვა, ტექნოლოგიების სწავლების განვითარება, პროფესიონალ კადრებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა არის თანამედროვე სკოლის წარმატების გზა. პრიორიტეტი „სტემის“ საგნების პოპულარიზაციაა. ფიზიკის სწავლება მიმდინარეობს რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით. სისტემატურია დისტანციური ჩართვები ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ დავით სონღულაშვილთან, სკოლა თანამშრომლობს გოეთეს ინსტიტუტთან, მუნიციპალიტეტის სკოლებთან.
სკოლაში ფუნქციონირებს 6 კლუბი: „ჩხირკედელა“, მკითხველი“, „მზის შვილები“, „აბი-გლუკოზა“, „თექის სკოლა“, „მომავლის ციფრული თაობა“, სადაც მოსწავლეებთან ერთად თემის წარმომადგენლებიც ერთიანდებიან. დირექტორი ცდილობს, რომ სკოლამ, საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციასთან ერთად კულტურის ცენტრის მოვალეობაც შეასრულოს. ამ მიზნით, სკოლის სააქტო დარბაზსა და ბიბლიოთეკაში ხშირად ეწყობა ღონისძიებები. მიზანი ერთია – სოფელში, სადაც მიგრაციის პრობლემაა, არსებობდეს ძლიერი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა, რათა ყველა დარწმუნდეს, რომ მაღალმთიან სოფელში ცხოვრება, წარმატებით განვითარება და მაღალი კულტურა ერთდროულად შესაძლებელია.