ლენა გომართელი განათლებით გერმანისტია. 10 წლის განმავლობაში მუშაობდა თსუ–ს გერმანისტიკის კათედრაზე, პარალელურად ასწავლიდა გერმანულ ენას საჯარო სკოლაში. არის სახელმძღვანელოს „გერმანული ენის გრამატიკა სკოლის მოსწავლეებისთვის“ თანაავტორი. 2006 წლიდან მუშაობდა საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრში. 2014 წლიდან ლენა გომართელი არჩეულია სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის N2 საჯარო სკოლის დირექტორად. 1998 წლიდან დღემდე მას რამდენჯერმე აქვს მიღებული სასწავლო გრანტი გერმანიის მთავრობისგან, კონკურსის – „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ 2016 წლის პირველი ადგილის მფლობელია.
ქალბატონი ლენასთვის დირექტორის საქმიანობა მრავალმხრივი, მრავალფუნქციური და საინტერესოა. ყოველი დღე ახალი გამოწვევაა, რაც პროფესიული ზრდისთვის მნიშვნელოვანია. დირექტორი, პირველ რიგში, არის საგანმანათლებლო ლიდერი, რომლის უმთავრესი ფუნქცია სკოლის უსაფრთხოებაზე და სწავლა-სწავლების ხარისხის განვითარებაზე ზრუნვაა. მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსის სწორად მართვა და კონკრეტული მიზნების დასახვა გუნდთან ერთად. მას მიაჩნია, რომ დირექტორი უნდა ხელმძღვანელობდეს ჰუმანურობის, სამართლიანობის, თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპებით.
არაფორმალური განათლების გაძლიერება და ამ მიმართულებით დაფინანსებების მოპოვება დადებითად აისახა ფორმალურ განათლებაში მოსწავლეთა შედეგებზე, მასწავლებელთა მოტივაციასა და სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებზე. მისი დირექტორობის პერიოდში სკოლამ მოიპოვა 80 000 ლარამდე საგრანტო დაფინანსება. ჩამოყალიბდა 9 სასკოლო კლუბი (ქიმიის მიმართულებით, ინგლისური ენის ორი კლუბი, სამოქალაქო, ეკო, კინო, მდგარდი განვითარების მიზნების, წიგნიერების ), პროფესიული სწავლება დაინერგა 7 მიმართულებით (კულინარია, კონდიტერია, სამკერვალო საქმე და დიზაინი, ელექტროინჟინერია; დურგლის, ექთნისა და IT ტექნოლოგიების სპეციალობები). პროფესიულ განათლების მიღება საჩხერის N2 საჯარო სკოლაში საჩხერის მუნიციპალიტეტის სხვა საჯარო სკოლების VIII-XII კლასების მოსწავლეებსაც შეუძლიათ.
კლუბები თანამშრომლობენ სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მონაწილეობენ ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსებში. საბუნებისმეტყველო მიმართულებით ყველაზე დიდი წარმატება იყო ნორჩ გამომგონებელთა კონკურსში – „ლეონარდო და ვინჩი“ – გამარჯვება და აშშ–ში intel ISEF-ის ფინალში მონაწილეობა; რობოტიკის კლუბის ჩამოყალიბება. ინგლისური ენის მიმართულებით შეიქმნა სასკოლო კურიკულუმი, კერძოდ, ინგლისური ენის სწავლება გაძლიერდა ავთენტური ლიტერატურით. აღნიშნული პროექტი დაფინანსდა 20 000 ლარით განათლების კოალიციის მიერ. საბაზო საფეხურიდან სკოლაში ინგლისური ენა ისწავლება დიფერენცირებული მიდგომით. სკოლას ჰყავს FLEX-ის პროგრამის 4 ფინალისტი, საერთაშორისო ინგლისურენოვანი კონკურსების „write on“ და NESC-ის ფინალისტები ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. მეორე უცხო ენის –გერმანული ენის შესწავლა კი მე–3 კლასიდან არის შესაძლებელი. დაწყებით საფეხურზე ფუნქციონირებს „მშობელთა სკოლა“, რომლის მიზანია მშობელთა საჭიროებების გამოკვეთა, მათი განათლება სხვადასხვა მიმართულებებით და აქტიურად ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში.
სკოლაში, დირექტორის მხრიდან, წახალისებულია კოლეგებს შორის გამოცდილების გაზიარების აქტივობები, რაც ხელს უწყობს მასწავლებლების პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას. სკოლას ჰყავს მასწავლებლის ეროვნულის ჯილდოს ათეულთა კლუბის ორი წევრი: მაია ტყემალაძე და ელისო აბრამიშვილი. სკოლა ჩართულია განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტებში, რაც თავისთავად განაპირობებს პროფესიონალიზმისა და სწავლის ხარისხის ამაღლებას.
მიაჩნია, რომ აუცილებელია კავშირის დამყარება თემთან, სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, პროფესიულ კოლეჯებთან, სამართალდამცავ ორგანოებთან. ეს განაპირობებს სკოლაში სხვადასხვა მატერიალური და ფინანსური რესურსის მოზიდვას და პოზიტიური გარემოს შექმნას. სწორი კომუნიკაცია არის სკოლაში თანამშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბების ერთ–ერთი მთავარი საფუძველი. სწორედ ასეთი მიდგომა გახდა მისი და საჩხერის #2 საჯარო სკოლის წარმატების საფუძველი როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.