საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Search
Close this search box.
Search
Close this search box.

მამუკა ხამხაძე

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიკოსის კვალიფიკაციით და ასპირანტურა – პოლიტოლოგიის სპეციალობით. 2000 წლიდან მუშაობს რუსთავის #4 საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად. აქვს პედაგოგად მუშაობის 27 წლიანი გამოცდილება. 2011 წლიდან ისტორიისა და სამოქალაქო განათლების სერტიფიცირებული უფროსი მასწავლებელია. სხვადასხვა წლებში სკოლის პარალელურად მუშაობდა არასამთავრობო სექტორში, ტელევიზიასა და გაზეთში ჟურნალისტად. 2007 წლიდან სამეურვეო საბჭომ ორგზის აირჩია დირექტორად. განათლების სისტემაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებულია ი. გოგებაშვილის მედლით, ღირსების ორდენით, განათლების პროფკავშირების სპეციალური პრიზით. ისტორიის სასერტიფიკაციო გამოცდაზე რესპუბლიკაში უმაღლესი შედეგისათვის დაჯილდოვებულია განათლების სამინისტროს მიერ.

ყოველ დღე ცდილობს მოსწავლეების დარწმუნებას, რომ სწავლა და განვითარება ცხოვრებაში წარმატების მიღწევის პირდაპირპროპორციულია. ცდილობს, ყოველდღიურ რუტინაში არ დაკარგოს უმთავრესი მიზანი, მოსწავლე და მასწავლებელი და რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმოს ადამიანებთან ურთიერთობას, აღმოაჩინოს და წაახალისოს ინოვაციური იდეები და საქმიანობები; მასწავლებლები დაარწმუნოს იმაში, რომ მათ შეუძლიათ სასიკეთოდ შეცვალონ თითოეული ბავშვის მომავალი.

მე-4 სკოლის მზარდი, უწყვეტი და მრავალპროფილური განვითარების შედეგია  მიღწევები აკადემიური და არაფორმალური განათლების, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და საგანმანათლებლო პროექტების კუთხით. ესაა ეფექტიანი, წარმატებაზე ორიენტირებული და საზოგადოების ნდობაზე დამყარებული სასკოლო გარემო, რომელიც დირექტორის უდიდესი ძალისხმევით ჩამოყალიბდა. დირექტორი ქმნის სამუშაო გარემოს, სადაც პედაგოგი შეუცვლელი რესურსია, უზრუნველყოფილია უპირობო მხარდაჭერითა და წახალისებით. ამის თვალსაჩინო მაგალითი აჩვენეს მეოთხესკოლელმა მასწავლებლებმა, რომლებმაც ჩვეულებრივი სასკოლო სისტემისა და ინფრასტრუქტურის პირობებში, განსაკუთრებული სასწავლო რესურსებისა და დაფინანსების გარეშე მაღალი პროფესიონალიზმით, თავდადებული და კოორდინირებული მუშაობით მიაღწიეს უმაღლეს სასწავლო შედეგებს.

მამუკა ხამხაძის ძალისხმევით სასკოლო გარემო ორიენტირებულია მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე, მათში სწორი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებასა და გუნდურ მუშაობაზე. სკოლაში მუდმივად მიმდინარეობს ცვლილებები ორი მიმართულებით: სასწავლო პროცესის მოდერნიზების, ახალი პედაგოგიური მიდგომების, საინტერესო გაკვეთილებისა და კოორდინირებული სწავლების კუთხით.

დირექტორი ცდილობს, სხვადასხვა პროექტებში სასკოლო საზოგადოების ჩართვით იმოქმედოს თემის ცნობიერებაზე; დაარწმუნოს საზოგადოება, რომ სკოლა შეუცვლელია მოზარდის განვითარებაში; რომ ცხოვრებისეული წარმატებების საწინდარი სკოლაშია, სადაც კონკურენტუნარიან და მრავალფეროვან გარემოში მრავალწლიანი შრომით ყალიბდება მოსწავლის უნარები, ღირებულებები და დამოკიდებულებები, რომლებიც განაპირობებს პიროვნების ადგილს და რეალიზებას ცხოვრებაში.