საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Search
Close this search box.
Search
Close this search box.

მორის დანდურიშვილი

მორის დანდურიშვილი დაიბადა 1981 წელს სურამში. წარჩინებით დაამთავრა სურამის მე-2 სკოლა და ჩაირიცხა ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომელიც ასევე წარჩინებით დაამთავრა 2002 წელს. 2002-2006 წლებში გამოიცა მორის დანდურიშვილის წიგნები: სურამელ ფეოდალთა საგვარეულო სახლის შესახებ (2002), სურამში არსებული ეკლესია-მონასტრების და წარსულში იქ მოღვაწე სასულიერო პირების შესახებ (2004), სურამში ებრაული თემის შესახებ (2006). მორისი 2014 წლიდან, საუკუნოვანი ტრადიციების მქონე – ხაშურის N1 საჯარო სკოლის – დირექტორია, სკოლის, რომელიც 1908 წლიდან ფუნქციონირებს.

მორის დანდურიშვილის მართვის სტილი – საგანმანათლებლო ლიდერობაა. ის მუდმივად ზრუნავს სკოლის განვითარებაზე, სასწავლო პროცესის ეფექტიან მართვაზე, პროფესიულ განვითარებაზე, მშობლებთან და საზოგადოებასთან ეფექტიან კომუნიკაციაზე. გაზიარებული პასუხისმგებლობით და სასკოლო საზოგადოებაში თანასწორობის საკითხების გააქტიურებით, ცდილობს მასწავლებელთა და მოსწავლეთა ავტონომიურობის ხარისხის გაზრდას. ყოველდღიურად ზრუნავს გარშემომყოფთა მოტივაციის ზრდაზე; მუდმივად ახდენს სასკოლო საზოგადოების წევრების წახალისებას, აღიარებას, მხარდაჭერას, რის გამოც, ხაშურის N1 საჯარო სკოლაში თანამშრომლობა, გუნდური მუშაობა და ურთიერთსწავლება მთავარ ღირებულებად იქცა.

მორის დანდურიშვილის დირექტორობის პერიოდში მოწესრიგდა ხაშურის N1 საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა; მოეწყო თანამედროვე ბიბლიოთეკა; კომპიუტერებით აღიჭურვა საინფორმაციო ტექნოლოგიების ლაბორატორია; მოეწყო რესურს ოთახი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის; 55%-ით გაიზარდა მოსწავლეთა რაოდენობა; გაიზარდა მოსწავლეთა წარმატებები როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე საერთაშორისო – გაცვლით პროგრამებში; სკოლა ჩაერთო ,,ახალი სკოლის მოდელში“ და ,,ციფრული სკოლის მოდელში“, აღიჭურვა ციფრული ტექნოლოგიებით და უკაბელო ინტერნეტით; განხორციელდა არაერთი საგანმანათლებლო და სოციალური პროექტი. სკოლის ბიუჯეტის ეფექტიანმა მართვამ და დონორი ორგანიზაციების დაინტერესებამ, აღნიშნულის დროის მოკლე მონაკვეთში განხორციელება შესაძლებელი გახადა.

მორის დანდურიშვილი ხაშურის N1 საჯარო სკოლის საგანმანათლებლო ლიდერია, რაც ცალსახად აისახება თითოეული თანამშრომელის პროფესიულ და პიროვნულ ზრდაზე. 2014 წლიდან დღემდე ხაშურის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელთა 85%-მა შეიცვალა სტატუსი და შემდგომ, მაღალ საფეხურზე გადაინაცვლა. ,,კრიტიკული მეგობარი“ თანამშრომლებს ეხმარება პროფესიული საჭიროებების განსაზღვრაში და შემდგომი სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმაში.

სკოლის დირექტორის ინიციატივით და უშუალო მონაწილეობით განხორციელდა არაერთი პროექტი, რომელიც თემში ძალადობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის, გარემოზე ზრუნვის, სამოქალაქო ადვოკატირების, ოკუპაციის და მისგან გამოწვეული პრობლემების მიმართ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა.