2022 წლის 22 იანვარს, განათლების კოალიციისა და ღია სივრცე კავკასიის ორგანიზებით რეგიონული ნდობის ჯგუფების საქმიანობის ანგარიშის „სკოლების დეპოლიტიზება: ძირითადი ტენდენციები, მიგნებები და გამოწვევები“ პრეზენტაცია გაიმართა.
ანგარიში მიმოიხილავს პროექტის „რეგიონული ნდობის ჯგუფები განათლების დეპოლიტიზებისთვის“ ფარგლებში გამოკვეთილ ტენდენციებსა და გამოწვევებს სისტემის ყველა დონეზე წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიზაციის ინსტრუმენტების და ბერკეტების გამოყენების შესახებ.
ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციები მიმართულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე არამართლზომიერი პოლიტიკური გავლენების შემცირებასა და აღმოფხვრაზე, რაც გულისხმობს, პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტებისა და ბერკეტების ხელისშემწყობი საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრას, სისტემურ ცვლილებებსა და საინფორმაციო კამპანიის წარმართვას.
შეხვედრაზე რეგიონული ნდობის ჯგუფების კოორდინატორებმა და წამომადგენლებმა ასევე იმსჯელეს დეპოლიტიზების საზოგადოებრივი მოძრაობის საქმიანობის სპეციფიკის, დაბრკოლებებისა და განვითარების სამომავლო გეგმების შესახებ.
ნდობის ჯგუფების მიზანია, განათლების სფეროში დასაქმებული პირების პოლიტიკური ნიშნით შევიწროების, ზეწოლის, ან/და საარჩევნო პროცესებში არამართლზომიერი ჩართვის ფაქტების იდენტიფიცირება, რეაგირება და ადგილებზე მათი მხარდამჭერი ღონისძიებების განხორცილება, ასევე ზოგადი განათლების სისტემაში დასაქმებული პირების ცნობიერების ამაღლება მათი უფლებების, ვალდებულებების და სამართლებრივი შეზღუდვების შესახებ, მათ შორის საარჩევნო/პოლიტიკური უფლებების კუთხით.
პროექტს „რეგიონული ნდობის ჯგუფები სკოლების დეპოლიტიზებისთვის“ ახორციელებს განათლების კოალიცია და ორგანიზაცია „ღია სივრცე კავკასია,“ ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ზოგადი განათლების სისტემის დეპოლიტიზების მხარდაჭერისთვის რეგიონული ნდობის ჯგუფების ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს განათლების სფეროში დასაქმებული ადამიანების ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდას, პოლიტიკური გავლენებისგან დაცვას და მათი რესურსების არამართლზომიერი გამოყენების პრევენციას.