2022 წლის, 28 ნოემბერს ზოგადი განათლებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა და მასწავლებლის პროფესიული განვითარების აქტივისტებმა თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე საზოგადოებრივი ალიანსი “მასწავლებლებისთვის” დააფუძნეს.
საზოგადოებრივი ალიანსის მიზანია მასწავლებლის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის ტრანსფორმაციის ადვოკატირება და ამ გზით ხარისხიანი, თანასწორი და კეთილდღეობაზე მიმართული ზოგადი განათლების სისტემის განვითარების მხარდაჭერა.
ალიანსის წევრები არიან: განათლების კოალიცია, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის სკოლა-ლაბის პროგრამა, სამოქალაქო განათლების ფორუმი, STEM- მასწავლებელთა ასოციაცია, მშობლები განათლებისთვის, ასოცაიცია ბიო და ისტორიის მასწავლებელთა ასოციცია, ასევე, მასწავლებლების არაფორმალური ქსელების წარმადგენლები გიორგი ჭაუჭიძე, ნათია უჩავა, ქეთევან სეფიაშვილი და შორენა ტაბატაძე.
ალიანსი საქმიანობის ფარგლებში უზრუნველყოფს მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის რეფორმის რეკომენდაციების მომზადებას მასწავლებელთა ჯგუფების და ზოგადი განათლების სისტემის სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობისა და მობილიზების გზით. შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტს ალიანსი საზოგადოებას 2023 წლის გაზაფხულზე წარუდგენს.
ალიანსის საქმიანობის კოორდინაციას და ორგანიზებას გაუწევს განათლების კოალიცია და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის სკოლა-ლაბის პროგრამა, პროექტის „ზოგადი განათლების მხარდაჭერა“ ფარგლებში.
ინიციატივა ხორციელდება პროექტის „ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველა მოსწავლისათვის“ ფარგლებში, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნორვეგიის სპეციალური საჭიროების საგანმანათლებლო სააგენტოს (სტატპედი) და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ნაწილია და მიზნად ისახავს ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერებას, დაფინანსებულია ნორვეგიის მთავრობის მიერ და განხორციელდება 2021-2023 წლების პერიოდში.