საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Search
Close this search box.
Search
Close this search box.

სკოლის დეპოლიტიზების საზოგადოებრივი მოძრაობის განცხადება

სკოლების დეპოლიტიზების მოძრაობის სახელით, გვსურს გამოვეხმაუროთ რამიზ რამიზანოვის სავარაუდო პოლიტიკური შევიწროების საქმეს და მოვუწოდოთ გადაწყვეტილების მიმღებ სახელმწიფო უწყებებს შესაბამისი რეაგირებისაკენ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოძრაობა უკვე შეუერთდა საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადებას, გვსურს დამატებით გამოვეხმაუროთ აღნიშნულ საქმეს სასკოლო განათლების პოლიტიზირების ჭრილში.

როგორც საზოგადოებისათვის ფართოდ არის ცნობილი, სამწუხაროდ, მავნე პრაქტიკად არის ჩამოყალიბებული სკოლების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება პარტიული ინტერესებისათვის. აღნიშნული განსაკუთრებით აქტუალური ხდება საარჩევნო პროცესების დროს. ამას მოწმობს როგორც განათლების კოალიციის შესაბამისი ანგარიშები ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა თუ საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები (იხ. ამერიკის საელჩოს განცხადება).

ამ ფონზე, საგანგაშოა რამიზ რამიზანოვის მიერ, საეჭვო ვითარებაში სსიპ – დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის დირექტორის პოსტის დატოვება. აღნიშნული ფაქტი საზიანოა არამხოლოდ კონკრეტული სკოლისათვის, არამედ მთლიანდ სასკოლო სისტემის განვითარების თვალსაზრისით, განსკუთრებით ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისა და ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის კუთხით.

გარდა იმისა, რომ ჩვენი მოძრაობა ყურადღებით შეისწავლის აღნიშნულ საკითხს, გვსურს, კიდევ ერთხელ, მივმართოთ სასკოლო საზოგადოებას, რომ სკოლის დეპოლიტიზების საზოგადოებრივი მოძრაობა მზადაა კვალიფიციური მხარდაჭერა შესთავაზოს ზოგად განათლებაში დასაქმებულ ყველა პირს. ამისათვის თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ რეგიონებში არსებულ ნდობის ჯგუფების წარმომადგენლებს, კოორდინატორებს ან მოგვწეროთ ჩვენი სოციალური ქსელისა თუ ელ. ფოსტის – efacoalition@efageorgia.ge – მეშვეობით. შეგახსენებთ, ამ მხრივ, არსებობს არაერთი პოზიტიური მაგალითი, რასაც ჩვენი პრაქტიკაც ადასტურებს, მაგ., როდესაც „სახალხო დამცველმა სკოლის დირექტორის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნაზე უარი პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციად შეაფასა.“

ამ მხრივ, მივმართავთ სახალხო დამცველს, სისტემურ ჭრილში შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და წარმოადგინოს მათი რეკომენდაციები.

შეგახსნებეთ, რომ სკოლების დეპოლიტიზების მოძრაობა არის აპოლიტიკური, დამოუკიდებელი ერთობა და არ მიეკუთვნება არცერთ პოლიტიკურ ძალასა თუ სახელისუფლებო ორგანიზაციას; მოძრაობა მოწოდებულია დაიცვას სკოლა ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური ზეწოლისგან.