საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Search
Close this search box.
Search
Close this search box.

სკოლის დეპოლიტიზების საზოგადოებრივი მოძრაობის განცხადება

გვსურს გამოვეხმაუროთ „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა –  საქართველოს“ მიერ მომზადებულ ანგარიშს, საჯარო რესურსების საარჩევნოდ გამოყენების მავნე პრაქტიკების შესახებ. უფრო კონკრეტულად, აღნიშნული განცხადებით გვინდა შევეხოთ საჯარო სკოლის დირექტორების პოლიტიზების საკითხს.

სამწუხაროდ, ბოლო წლების მანძილზე, საარჩევნო ხმების მოპოვების და ამომრჩევლის ნების კონტროლის მიზნით, სკოლებზე პოლიტიკური გავლენის გაძლიერების ტენდენცია მზარდია და საგანგაშო სახე მიიღო. მოცემული ანგარიში, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ ადასტურებს განათლების სისტემაში პოლიტიზების დიდ მასშტაბს და მის სისტემურ ხასიათს. 

არსებული პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ კონტროლის ინსტრუმენტები წლებია გამოიყენება, მოიცავს ყველა მუნიციპალიტეტსა და საჯარო სკოლას. მასში ჩართულია განათლების სისტემისა და პოლიტიკური ვერტიკალის თითქმის ყველა აქტორი და ჩამოყალიბებულია გავლენის მოხდენის მეთოდოლოგია.[1]

ანგარიშის მიხედვით, ნათლად ჩანს სკოლების კონტროლის მექანიზმების გამოყენება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას. ასევე, 2021 წელს, დირექტორთა შერჩევის პოლიტიკით მანიპულირების საკითხები. როგორც ცნობილია, დირექტორთა ნაწილს (1,003) უფლებამოსილების ვადა 2020 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად ამოეწურათ. ანგარიში ცხადად ადასტურებს, რომ მათგან 891 დირექტორის ხელახლა დანიშვნა და 112 მათგანისათვის კონტრაქტის შეწყვეტა განპირობებული იყო პოლიტიკური მოტივებით და არა მათი კომპეტენციითა თუ სამუშაო გამოცდილებით. სწორედ ამ საკითხთან არის დაკავშირებული დირექტორთა სასერტიფიკაციო გამოცდების უვადოდ გადავადებაც.

გვინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ მსგავსი პრაქტიკა ძირს უთხრის სასკოლო სისტემის ჯანსაღ განვითარებას და აფერხებს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას. ამავდროულად, ლახავს როგორც დირექტორთა ასევე მასწავლებელთა პროფესიის პრესტიჟს და ზღუდავს მათ პოლიტიკურ და შრომით უფლებებს. საბოლოო ჯამში კი, აზიანებს მოსწავლეთა ინტერესებსა და ქვეყნის განვითარებას.

ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, ყველა კეთილი ნების სამოქალაქო აქტორის და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენელთა ძალისხმევის გაერთიანება, რათა ერთხელ და სამუდამოდ  დაინგრეს ეს მანკიერი სისტემა.   

მოვუწოდებთ:

სახელმწიფოს შეწყვიტოს სკოლებზე პოლიტიკური კონტროლის განხორციელება, მოვითხოვთ რომ მოახდინოს ანგარიშში მოწოდებულ ფაქტებზე შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება;

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სწრაფად უზრუნველყოს დირექტორთა შესარჩევი პროცესის დროულად და გამჭირვალედ ჩატარება და იმავდროულად, ინკლუზიური პროცესით, საჯარო სკოლების მართვისა და ანგარიშვალდებულების გამჭირვალე სისტემის ფორმირება.  


[1] სკოლების დეპოლიტიზება: ძირითადი ტენდენციები, მიგნებები და გამოწვევები – რეგიონული ნდობის ჯგუფების საქმიანობის ანგარიში.