სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის პრეზენტაცია გაიმართება

Feature Image

სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსი დაიწყო. მისი მიზანია საჯარო სკოლის პრესტიჟისა და ავტორიტეტის გაზრდის მხარდაჭერა, წარმატებული დირექტორების გამოვლენა და მათი გაცნობა საზოგადოებისათვის; სკოლის მართვის პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა და სწავლა-სწავლების შედეგების გაუმჯობესებაზე მიმართული შიდა სასკოლო ძალისხმევის მხარდაჭერა საქართველოს საჯარო სკოლებში.

 სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი დირექტორების რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 16 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება, ვებგვერდზე: efageorgia.ge. ამის შემდეგ, კონკურსანტთა შერჩევის სამ ეტაპიან პროცესს 17 წევრისგან დაკომპლექტებული საბჭო წარმართავს. საბჭოში შედიან განათლებისა და მართვის სპეციალისტები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები. კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდებიან, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდებიან ფინალისტები, ხოლო მესამე ეტაპზე, 2020 წლის 25 მაისს გამოვლინდება სამი გამარჯვებული – გრანპრის და სპეციალური პრიზის მფლობელები. გრანპრის მფლობელ დირექტორს პრიზის სახით გადაეცემა 5000 ლარი, ხოლო სკოლას სპეც-პროექტის განსახორციელებლად – 30 000 ლარი. სპეციალური პრიზის მფლობელ დირექტორებს კი პრიზის სახით გადაეცემათ 2000-2000 ლარი. მათი სკოლების მხარდაჭერის ერთიანი ფონდი შეადგენს 25 000 ლარს. სკოლებს შორის თანხის გადანაწილებაზე გადაწყვეტილებას იღებს კონკურსის საბჭო. 

კონკურსს ახორციელებს განათლების კოალიცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით. პროექტის გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი”. მხარდამჭერები არიან: „თიბისი“, ტელეკომპანია „იმედი“, KPMG Georgia და მარკეტინგული კომპანია „4media”.