გელა მაჭარაშვილი

Feature Image

გელა მაჭარაშვილის დამთავრებული აქვს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი. აქვს პედაგოგიური საქმიანობის 22 და სკოლის დირექტორის პოზიციაზე მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება. არის წამყვანი მასწავლებელი ბუნებისმეტყველებაში, სპორტში და სამოქალაქო განათლებაში. 2018 წელი-სკოლის დირექტორთა საბჭოს წევრი, 2019 წელი – ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი, 2020 წლიდან დღემდე სააპელაციო საბჭოს წევრი, 2005 წლიდან დღემდე – კორბოულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი.  ყავს ოჯახი-დედა, მეუღლე, ორი შვილი.

მისი, როგორც სკოლის დირექტორის, მთავარი პრინციპია გუნდური მუშაობა, მუდმივი ზრუნვა თანამშრომლობითი გარემოს შექმნაზე, ინოვაციური მიდგომები, მართვის თანამედროვე და გაბედული სტილი. თვლის, რომ, ნებისმიერ სიტუაციაში, სკოლის დირექტორი უნდა იყოს მოტივატორი, მამოძრავებელი, მხარდამჭერი სკოლის თანამშრომლებისთვის.  თანამოაზრე პედაგოგებთან ერთად, მან შექმნა და დაამკვიდრა თანამშრომლობითი სასკოლო კულტურა, რომელიც მოსწავლეთა შედეგების განმაპირობებელია: სასკოლო ოლიმპიადები, უმაღლეს სასწავლებლებში 100% და ნაწილობრივი სახელმწიფო დაფინანსებით ჩარიცხულთა რაოდენობა, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა რაოდენობა.  სკოლას აქვს მრავალ საგრანტო პროექტში მონაწილეობისა და გამარჯვების პრაქტიკა. სკოლაში გაძლიერებულია სპორტის სწავლება, ფუნქციონერებს სპორტული წრეები სხვადასხვა სახეობებში, გამორჩეულია ძალოსნობის სექცია,  სკოლაში ასწავლიან მოწვეული სპეციალისტები, მწვრთნელები: გიორგი ასანიძე, კობა ტალახაძე. ამ სექციის აღზრდილი და სკოლის კურსდამთავრებულია ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი, მრავალგზის რეკორდსმენი ძალოსნობაში ლაშა ტალახაძე.

მისთვის მნიშვნელოვანია პედაგოგთა პროფესიული განვითარება. ამისათვის შემუშავდა სამოქმედო გეგმა. 2018 წელს გამოცდილების გაზიარებისა და სასკოლო სისტემის გაცნობის მიზნით იმყოფებოდა გერმანიაში, ქ. ლუდვიგსბურგში, 2019 წელს ბელგიაში. მისი აზრით, სკოლის დირექტორი უნდა იყოს სასწავლო ლიდერი და მაგალითის მიმცემი დანარჩენებისთვის,  მასწავლებლების განვითარების და წარმატების მოტივატორი. ასეთი დამოკიდებულების შედეგიც სახეზეა: სკოლის  პედაგოგების უმრავლესობა (90%) უფროსი პედაგოგია, ორი მენტორი და 18 წამყვანი მასწავლებელია. სკოლის ხუთი პედაგოგი „ახალი სკოლის მოდელის“ ლიდერობის ექსპერტია. 2018-2019 სასწავლო წელს სკოლას საჩხერის მუნიციპალიტეტის საუკეთესო საჯარო სკოლის სტატუსი მიენიჭა.

სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებისა და განვითარების მიზნით, სკოლაში დანერგილია მოსწავლეების მიერ პროექტების, ინიციატივების, იდეების წარდგენის, განხილვის, შეფასების, მოსწავლეთა წახალისების და გამარჯვებული პროექტების დაფინანსების სისტემა. პედაგოგებისა და მოსწავლეების მონაწილეობით ეწყობა სხვადასხვა ღონისძიებები, რომელშიც ჩართული არიან სასკოლო თემისა და სოფლის მოსახლეობის წარმომადგენლები. მიმდინარე სასწავლო წელს სკოლამ გაიმარჯვა განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტ ,,სასკოლო ინიციატივების წახალისების ქვეპროგრამა“-ში.