ვარდენ ნიქაბაძე

Feature Image

ვარდენ ნიქაბაძეს საჯარო სკოლის მართვის 12 წლიანი და პედაგოგად მუშაობის 26 წლიანი გამოცდილება აქვს. სქემისა და სერტიფიცირების ფარგლებში, ჩაბარებული აქვს პროფესიული უნარების, მათემატიკის, ინგლისურის და კომპიუტერის საბაზო უნარები, სამოქალაქო განათლების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ფიზიკის გამოცდები. ზემოხსენებულ საგნებში აქვს მასწავლებლად მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება, 2007 წლიდან დღემდე მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის #2 საჯარო სკოლის დირექტორია. 2018-2019 წლებში მუშაობდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ონლაინ კურსის ავტორის თანამდებობაზე, პროექტის – „სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ – ფარგლებში. 2019 წლის ოქტომბრიდან მუშაობს მასწავლებლის სახლში ლიდერობის განვითარების ექსპერტად.

მისი აზრით, კარგი სკოლა გაბედული ადამიანებისგან შემდგარი გუნდია, რომელიც არ უშინდება სიახლეებსა და გამოწვევებს. მნიშვნელოვანია მდგრადობის უზრუნველყოფა. სიახლეების დანერგვის წინ, მნიშვნელოვანია გუნდის დარწმუნება ცვლილებების ეტაპობრივ და მიზანმიმართულ განხორციელებაში.

მისი აზრით, შეუძლებელია ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე განათლების სისტემის მოწყობა. სწავლა სწავლების პროცესში თანაბარი ყურადღება უნდა მიექცეს თითოეულ მოსწავლეს, მრავალმხრივი ინტელექტისა და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით ხელი უნდა შეეწყოს მათ განვითარებას. თვლის, რომ აუცილებელია შემწყნარებლობა მოსწავლეების შეცდომებზე. „მოზარდები შეცდომებზე სწავლობენ. შეცდომა სწავლის შანსია, სჯობს სწავლის დროს დავუშვათ შეცდომები, ვიდრე ცხოვრებაში“ -ამბობს იგი.

ფარცხანაყანევის #2 საჯარო სკოლა გამოირჩევა მაღალი სასკოლო კულტურით. მასწავლებლებს, მოსწავლეებს და დირექციას შორის თანამშრომლობითი, კეთილგანწყობილი ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობით. განსაკუთრებული როლი ითამაშა ქოუჩინგის დანერგვამ, რამაც საშუალება მისცა პედაგოგებს, სწორად გაეცნობიერებინათ უფლება-მოვალეობები. სკოლა, სასწავლო და მართვის პროცესში, ეფექტიანად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. ამან განაპირობა ონლაინ სწავლების შერეულ მოდელში ეფექტიანი ჩართვა. სკოლის კურსდამთავრებულები კარგ შედეგებს აჩვენებენ მისაღებ გამოცდებზე.

ყურადღება ექცევა სკოლის თითოეული თანამშრომლის პროფესიულ განვითარებას. ისეთი პროექტები როგორებიცაა, დისტანციური სწავლების სიტემის Google Classroom სასწავლო და სკოლის ადმინისტრირების მიზნით, სასწავლო პროცესის ელექტრონული შეფასების სისტემა, სკოლის ფოკუსირებული შეფასება, მოსწავლის ქოუჩინგი, ერთი მხრივ, საშულებას იძლევა თვისობრივად ამაღლდეს საქმიანობის ხარისხი, მეორე მხრივ, საშულებას აძლევს მასწავლებლებს, სკოლის თანამშრომლებს განვითარდნენ პროფესიულად და მაქსიმალურად გამოავლინონ შესაძლებლობები.

ვარდენ ნიქაბაძე ცდილობს, იყოს ცვლილებების კატალიზატორი და თანადგომით სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი დაარწმუნოს წარმატების მიღწევის შესაძლებლობაში.