მარინა ისკაკოვა

Feature Image

მარინა ისკაკოვა არის ქ. ქუთაისის N33 საჯარო სკოლის დირექტორი, ამავე დროს არის ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ერთ-ერთი პირველი მენტორ მასწავლებელი, Microsoft-ის ინოვაციური სწავლების ექსპერტი და ტრენერი, მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს 2017 წლის ათეულის კლუბის წევრი, ხუთი შვილის დედა. 2014 წელს N33 საჯარო სკოლის ქიმიისა და ისტ-ის პედაგოგმა მიზანმიმართულად გადაწყვიტა, გამხდარიყო ქალაქის ერთ-ერთი გარეუბნის სკოლის დირექტორი. მისი მიზანი იყო სკოლის გაძლიერება, რათა თემის მოზარდები სასწავლებლად ქალაქის ცენტრალურ სკოლებში აღარ წასულიყვნენ. სკოლის მოსწავლეებს კი ეამაყათ, რომ სწავლობენ ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში.

 ძირითადი ღირებულებები, პრინციპები, რომლებსაც ემყარება მისი მართვა, გულისხმობს სკოლაში უსაფრთხო, თანასწორუფლებიანი და ინკლუზიური გარემოს არსებობას, თანამედროვე ტექნოლოგიებით/მეთოდებით აღჭურვილი და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას, სკოლის კათედრების ჩართვით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას, არაფორმალური და პროფესიული განათლების ხელშეწყობას.

ქ. ქუთაისის N33 საჯარო სკოლა ჩართულია როგორც საქალაქო, ასევე რესპუბლიკის მასშტაბის სხვადასხვა სასწავლო პროექტებში და ღონისძიებებში. ამ ტიპის ჩართულობამ ქვეყნის მასშტაბით სკოლა ცნობადი გახადა. რაც სკოლის ელექტრონული ბლოგის პოპულარობითაც დასტურდება – ინფორმაციის გაზიარების მიზნით, სკოლის ბლოგს მილიონ ორასი ათასი დამთვალიერებელი ესტუმრა.

2014 წლიდან დირექტორმა სკოლაში წარმატებით განახორციელა სახელმწიფოებრივი თუ საგრანტო პროექტები, ამ პროექტების დამსახურებით სკოლას აქვს თანამედროვე სენსორული, საბუნებისმეტყველო, ორი კომპიუტერული ლაბორატორია, ელექტრონული ბიბლიოთეკა, სკოლა სრულიად რეაბილიტირებულია და გააჩნია საუკეთესო ინფრასტრუქტურა, რაც ხელს უწყობს მასწავლებლების პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას, ხოლო მოსწავლეებს უქმნის მათ ინტერესებს მორგებულ სასწავლო გარემოს. ამ მიღწევების მიუხედავად, ის მუდმივად სიახლეების ძიებაშია. მისი პირადი ინიციატივით, განსხვავებული ფორმატით ჩატარდა ქ. ქუთაისის მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრები, სადაც მოწვეული იყვნენ საქართველოს Microsoft-ის ინოვაციური სწავლების ექსპერტები და მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს ფინალისტები.

სკოლის ადმინისტრაციის მიერ წახალისებულია საზოგადოებრივი ჯგუფების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობა. სკოლა აქტიურად თანამშრომლობს “SOS” ბავშვთა სოფელთან, სმენადაქვეითებული მოსწავლეების სკოლა-პანსიონატთან. სკოლასა და თემში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, აგრეთვე, ი. ჭავჭავაძის სახელობის N8 საბავშვო ბიბლიოთეკასთან მჭიდრო ურთიერთობა დადებითად აისახება მოსწავლეებზე.