შორენა ხუხუა

Feature Image

შორენა ხუხუა მეექვსე წელია სსიპ ქალაქ მარნეულის №2 საჯარო სკოლის დირექტორია. მანამდე, 10 წელზე მეტი, იმუშავა სოფელ სადახლოში ქართული ენის მასწავლებლად.

შორენა ხუხუა სიტუაციური ლიდერია. რას ნიშნავს ეს კონკრეტულ შემთხვევაში? ამჟამად, მთელი მისი ყურადღება მიმართულია მარნეულის მეორე საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელების ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებით ჩაბარებისკენ. თითქოს, ეს ფაქტი ყოველწლიური ქმედებაა, მაგრამ მარნეულის მეორე საჯარო სკოლის ქართულენოვანი სექტორისთვის ამ პროცესზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, რადგან ეს ბავშვები, როგორც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, პირველი კურსდამთავრებულები არიან, რომლებმაც ქართულენოვანი სექტორი დაასრულეს და უმაღლესი განათლების მიღებას ქართულ უნივერსიტეტებში ქართულ ენაზე აპირებენ.

ამ ხნის განმავლობაში შორენა ხუხუას მართვის პრაქტიკა ცვლილებებით მიმდინარეობს: მართვის მონიტორინგული სტილიდან ნდობაზე დაფუძნებულ მართვასა და ლიდერობის ფუნქციების დელეგირებამდე. დღეისთვის მარნეულის მეორე საჯარო სკოლაში გამორჩეული ატმოსფეროა, რომელიც მიმზიდველია მარნეულელი მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის. ასეთი სასკოლო კულტურა თანდათან გადაიქცა თითოეული თანამშრომლის ცხოვრების წესად, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერებით.

„რომ არა შორენა, მე უფროსი მასწავლებელი ვერ გავხდებოდი“, – ამ სიტყვებს ხშირად ამბობენ სსიპ ქალაქ მარნეულის მეორე საჯარო სკოლის არაქართულენოვანი სექტორის მასწავლებლები. სტატისტიკის მიხედვით: სკოლის არაქართულენოვანი სექტორის მასწავლებელთა 80% უფროსი მასწავლებელი გახდა, რაც უპრეცედენტო ფაქტია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. „რომ არა შორენა, ჩემი შვილი სკოლაში ვერ ივლიდა“ – ამასაც ამბობენ ხოლმე მშობლები, რომლებიც ვერ ახერხებდნენ თავიანთი სსსმ მოსწავლეების საზოგადოებრივ ინტეგრაციას – შორენა ხუხუამ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად საგანმანათლებლო ინკლუზიაც დაისახა. პირადი გამოცდილების საფუძველზე (ის ორი წლის განმავლობაში ეტლით მოსარგებლე იყო), სათანადოდ აღიქვამს სსსმ მოსწავლეების, აგრეთვე, მათი მშობლების ინტერესებსა და საჭიროებებს.

შორენა ხუხუას ლიდერობით ქ. მარნეულის მეორე სკოლა გადაიქცა ერთგვარ ქცევათა მოდელად, რასაც ეფექტიანი ზეგავლენა აქვს მთელი ქალაქის, რეგიონის ცხოვრების წესის შეცვლასა და გაჯანსაღებაზე. „აბა, მეორე სკოლაში რომ ასე აკეთებენ?!“ – ამ სიტყვებსაც ხშირად გაიგონებთ მარნეულის მუნიციპალიტეტში და ამაში მისი, როგორც საგანმანათლებლო ლიდერის, როლი თვალშისაცემია.